ოჯახური ძალადობა

რუსეთს ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის 370 000 ევროს გადახდა დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუსეთს 370 000 ევროს გადახდა დააკისრა ქალისთვის, რომელსაც ქმარმა ხელები მოაჭრა. 

სასამართლო განჩინებაში წერია, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო ქალის დაცვა ოჯახური ძალადობისგან და მისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა. მარგარიტა გრაჩევას 2017 წელს საკუთარმა ქმარმა ტყეში, ნაჯახით ხელები მოაჭრა. მისი მარცხენა ხელი სამართალდამცველებმა ტყეში იპოვეს და ექიმებმა უკან მიაკერეს, მარჯვენა ხელის პროთეზი კი საქველმოქმედო კამპანიით შეგროვებული ფულით დაფინანსდა.

ამასთან, სასამართლომ რუსეთს მოუწოდა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად განახორციელოს მყისიერი და ქმედითი ცვლილებები. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ რუსეთში ქალებზე თავდასხმების რაოდენობამ უკანასკნელ წლებში საგრძნობლად იმატა და რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონცენციის ორი პუნქტი დაარღვია.

გრაჩევამ თავდასხმამდე სამართალდამცველებს არაერთხელ მიმართა, თუმცა მის საჩივრებს რეაგირება არ მოჰყოლია. მისი ყოფილი ქმარი, დმიტრი გრაჩევი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში 14-წლიან სასჯელს იხდის.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოჯახური ძალადობისთვის სასჯელი შეამცირა. ცვლილების მიხედვით, თუ დაზარალებული ჰოსპიტალიზებული არ არის, დანაშაული სისხლის სამართლის საქმედ არ მიიჩნევა.

კომენტარები