COVID-19 გერმანიაში

გერმანიის პარლამენტი იმსჯელებს გახადოს თუ არა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია სავალდებულო

ანგელა მერკელი

გერმანიამ გაზრდილი ინფიცირების შემთხვევების გამო არავაქცინირებულ პირებს ახალი შეზღუდვები დაუწესა. ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, მოსახლეობის აუცრელ ნაწილს, შეეზღუდება არასასურსათო მაღაზიებით, რესტორნებით, მუზეუმებით, თეატრებით, სპორტული და გასართობი ცენტრებით სარგებლობის უფლება.

"ქვეყნის მასშტაბით, კულტურული და რეკრეაციული სივრცეები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ აცრილი და ახლო წარსულში კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის. ჩვენ ვიაზრებთ და ვითვალისწინებთ სიტუაციის სერიოზულობას და გვსურს მივიღოთ შესაბამისი დამატებითი ზომები, უკვე არსებულ შეზღუდვებთან ერთად" - თქვა მერკელმა.

გარდა ამისა, მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტი იმსჯელებს გახადოს თუ არა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია სავალდებულო. მას კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია, თუმცა, დამტკიცების შემთხვევაში, ასეთი შეზღუდვა შესაძლოა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდეს.

აღსანიშნავია, რომ მერკელი წარსულში, სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგებოდა და ხაზს უსვამდა მთავრობის ვალდებულებას – დაარწმუნოს მოსახლეობა ვაქცინაციის აუცილებლობაში. თუმცა, დღეს, კითხვაზე – დაუჭერდა თუ არა სავალდებულო ვაქციანაციას მხარს ახლა, მერკელმა ასე უპასუხა: "პარლამენტის წევრი რომ ვიყო, [სავალდებულო ვაქცინაციას] ხმას მივცემდი".

ამჟამინდელი მონაცემებით, გერმანიის მოსახლეობის 68.1%, ანუ 56.4 მილიონი მოქალაქეა სრულად ვაქცინირებული. ბოლო 1 კვირაში ქვეყანაში ინფიცირების საშუალოდ 58,039 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც გერმანიისთვის რეკორდულად მაღალი ნიშნულია.

აღსანიშნავია, რომ არავაქცინირებულთათვის შეზღუდვები წესდება ავსტრიასა და სლოვენიაშიც.

კომენტარები