NATO-რუსეთი

პუტინი: გვჭირდება გარანტია, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება

ვლადიმირ პუტინი რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე, 2021 წელი, 1-ელი დეკემბერი, კრემლი.
AP News

უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 1-ელ დეკემბერს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის კრემლში გამართულ ცერემონიაზე თქვა, რომ მას დასავლეთისგან სჭირდება გარანტია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. 

"შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან დიალოგში, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას, რომლებიც გამორიცხავს NATO-ს აღმოსავლეთში შემდგომ გაფართოებასა და ჩვენთვის საფრთხის შემცველი იარაღის სისტემების რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეში განთავსებას. ვთავაზობ ამ საკითხთან დაკავშირებით საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყებას.

განსაკუთრებით გავუსვამ ხაზს: ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი, იურიდიული გარანტიები, ვინაიდან დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს შესაბამისი ზეპირი ვალდებულებები. კერძოდ, ყველამ იცის ამ მიცემული ზეპირი პირობების შესახებ, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუმცა ყველაფერი პირიქით გაკეთდა. ფაქტობრივად, უსაფრთხოების სფეროში რუსული საზრუნავი დააიგნორეს და ახლაც იგნორირებას აგრძელებენ", – თქვა ვლადიმირ პუტინმა. 

პუტინს NATO-ს მიერ ზეპირსიტყვიერი პირობები, რომლებიც, მისი თქმით, საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მისცა, აქამდეც უხსენებია. NATO-ში მსგავსი შეთანხმების არსებობას უარყოფენ. 

"საკმარისია ნახოთ, რუსეთის საზღვრებს როგორ მოუახლოვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა. ეს ჩვენთვის სერიოზულზე მეტია", – აღნიშნა პუტინმა და დაამატა, რომ ამჟამად შესაბამის სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიმართავენ, თუმცა, მისი თქმით, საფრთხეს არავის უქმნიან. 

კომენტარები