რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – დეკემბრის მთავარი კინოპრემიერები

Tabula

2021 წლის ბოლო თვეს, მაყურებელს კინოთეატრებში დაუვიწყარი სანახაობა ელოდება. წარმოგიდგენთ დეკემბრის ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს.

House Of Gucci/გუჩის სახლი

ასაკის მიუხედავად, რიდლი სკოტი შესანიშნავ ფორმაშია და წელს უკვე მეორე ფილმი გადაიღო. ბიოგრაფიული დრამა, House of Gucci უდიდესი მოდის სახლის მფლობელი ოჯახის, გუჩის ისტორიაა. სურათში ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი თამაშობს: ლედი გაგა, ადამ დრაივერი, სელმა ჰაიეკი, ჯარედ ლეტო, ალ პაჩინო და ჯერემი აირონსი. სურათი საქართველოს კინოთეატრებში 2 დეკემბერს გამოვა.

Matrix 4/მატრიცა 4

ლეგენდარული სამეცნიერო-ფანტასტიკური, მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერი დიდ ეკრანებს უბრუნდება. ფილმში მთავარ როლებს, როგორც ორიგინალი ტრილოგიის მსახიობები(კიანუ რივზი, კერი-ენ მოსი), ისე ახალი ვარსკვლავები(პრიანკა ჩოპრა, იაჯია აბდულ-მატინ II, ნილ პატრიკ ჰარისი) ასრულებენ. ნეო წითელ და ლურჯ აბს შორის არჩევანს 16 დეკემბერს გააკეთებს. ასევე ძველი მატრიცის თაყვანისმცემლებს სიურპრიზი ელოდება ¬ 1999 წელს გადაღებული, პირველი ნაწილის ნახვა 9-დან 14 დეკემბრის ჩათვლით, IMAX-ს ფორმატში იქნება შესაძლებელი.

Spider-Man: No Way Home/ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის

მარველის კინოსამყაროს მორიგი ბლოკბასტერი, ადამიანი-ობობას რიგით მესამე ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 16 დეკემბერს გამოვა. ბილეთების შეძენა Marvel-ის ფანებს 1 დეკემბრიდან შეუძლიათ. ტომ ჰოლანდის გმირი ექიმი სტრეინჯის "წყალობით" სახიფათო მოვლენების შუაგულში მოხვდება. სურათის ტრეილერში ძველი ტრილოგიის ორი მთავარი ბოროტმოქმედი – დოქტორი ოქტავიუსი და მწვანე გობლინი გამოჩნდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით ახალ ნაწილში შესაძლოა ნაცნობი და საყვარელი ობობები – ტობი მაკგუაიერი და ენდრიუ გარფილდიც ვიხილოთ.

Encanto/ენკანტო

დისნეისა და პიქსარის მორიგი ერთობლივი ნამუშევარი. ენკანტო კოლუმბიის მაღალ მთებში მიმალული, საოცარი, მოჯადოებული ადგილია. მთავარი გმირი მირაბელ მადრიგალია, დიდი ოჯახის ერთდერთი წევრი, რომელსაც მაგიური ძალა არ გააჩნია, გოგონა საყვარელი ადამიანების გადასარჩენად სახიფათო თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობის იწყებს. Encanto კინოსტუდია Disney-ს მესამოცე სრულმეტრაჟიანი ფილმია. ანიმაცია საქართველოს კინოთეატრებში 16 დეკემბერს გამოვა.

Madres Paralelas/პარალელური დედები

Madres Paralelas ესპანელი დიდოსტატის, პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს რეჟისორის მუზა, პენელოპე კრუსი ასრულებს. სურათის პრემიერა 11 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა და მთავარი როლის შემსრულებელმა პრესტიჟული ფესტივალის ნომინაციები მიიღო. პარალელური დედები ორ სხვა ესპანურ ფილმთან ერთად ოსკარის ნომინაციისთვის იბრძვის.

West Side Story/ვესტსაიდური ამბავი

ბროდუეის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მიუზიკლი დიდ ეკრანზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. ახალ დადგმას ცოცხალი ლეგენდა, რეჟისორი სტივენ სპილბერგი ხელმძღვანელობს. ვოკალური და საცეკვაო ნომრებით გაფორმებულ რომეოსა და ჯულიატას ინტერპრეტაციაში მთავარ როლებს ენსელ ელგორტი და რეიჩელ ზეგლერი ასრულებენ. პირველი ეკრანიზაციის მსგავსად(ვესტსაიდური ამბავის პირველი კინოვერსია 1961 წელს გამოვიდა) West Side Story ოსკარების ერთ ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.

Brighton 4th/მეოთხე ბრაიტონი

ქუჩის დღეებისა და შემთხვევითი პაემნების რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი საქართველოს სახელით ოსკარის ნომინაციისთვის იბრძვის. მეოთხე ბრაიტონი ქართველი მამისა და შვილის ურთიერთობის ისტორიაა, რომელიც ნიუ-იორკის ემიგრანტებით დასახლებულ უბანში ვითარდება. სურათში მთავარ როლს ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომელიც მაყურებელმა უკანასკნელად 35 წლის წინ, ფილმ ხარება და გოგიაში, გოგია კენკიშვილის როლში იხილა.

  

კომენტარები