მიხეილ სააკაშვილი

მდინარაძე სააკაშვილზე: შეცდომა ვერ დაერქმევა ხალხის წამებას, ხალხის ღირსების გაუქმებას

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

"როდესაც ცდილობენ თავისი ძალიან ცუდი ქმედებების ანუ სასტიკი დანაშაულის გადაფარვას, მას არქმევენ უბრალოდ შეცდომებს" – ასე შეაფასა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე ბოდიში მოიხადა დაშვებული შეცდომებისთვის.

"შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას ამ ქვეყანაში, იმ ხალხის რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს ღამის სამ საათზე მოუნდა ვიღაცას, რომ ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს. ამას ვერ დაერქმევა შეცდომები. ეს არის უდიდესი და ძალიან ცუდი დანაშაულები და ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი მტკიცებულების სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები, რომ ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. ასეთი საქმეები მიმდინარეობს, ორ მათგანზე მსჯავრდადებულია მიხეილ სააკაშვილი. სხვა დანაშაულებზე, სავარაუდო დანაშაულებზე, პრეზუმფციაც რომ დავიცვათ, მიდის ახლა სასამართლო წარმოება და შესაბამის განაჩენს გამოიტანს." – თქვა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს განაჩენს გამოუტანს "რეალურად დამოუკიდებელი" სასამართლო.

მიხეილ სააკაშვილმა 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ბევრი წარმატების გარდა ბევრი შეცდომაც იყო და ასეთი შეცდომა იყო სასამართლო სისტემა.

"რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომისთვის, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ, ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ. მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია, დანაშაული კი მეორე." – მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები