კრიმინალი

თბილისში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღით მეგობარი მოკლა და მიიმალა, ის დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული გ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 23 ნოემბერს, საღამოს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ. დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი - დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ  გ.ლ. საგარეჯოში დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

კომენტარები