პოლიციის ძაღლები

უნდა იყოს თუ არა საკმარისი ძაღლის ყნოსვა მკვლელობისთვის გასასამართლებლად?

პოლიციის ძაღლები

უნდა იყოს თუ არა საკმარისი ძაღლის ყნოსვა მკვლელობისთვის გასასამართლებლად?

სტატია თარგმნილია ამერიკული სამეცნიორო ჟურნალიდან Science.

მარკ რედვაინი უმცროსი შვილის, დილანის ნივთებს სატვირთო ავტომობილის კაბინაში ინახავდა, მისი სახელი კი მხარზე ჰქონდა ტატუირებული. რედვაინი დაკარგული შვილის პოსტერებს გაჩერებებზე საკუთარი ხელით აკრავდა. 2012 წლის ნოემბერში, დილანი კოლორადოს შტატში, სან ხუანის ტყე-პარკთან ახლოს, რედვაინთან მადლიერების დღის გასატარებლად ჩავიდა. როგორც რედვაინმა გამომძიებლებს უთხრა, ის ქალაქში პირად საქმეზე წავიდა, დილანს კი ამ დროს დივანზე ეძინა. როდესაც მამა სახლში დაბრუნდა, ბიჭი გამქრალი დახვდა.

6 თვის შემდეგ, ჰაიკერებმა რედვაინის სახლიდან 16 კილომეტრის დაშორებით, ჩონჩხის ნარჩენები იპოვეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ ძვლები დილანს ეკუთვნოდა. თუმცა, ექსპერტებმა სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს.

რედვაინის ყოფილმა ცოლმა და დილანის ძმამ, ეჭვი რედვაინზე მიიტანეს, მაგრამ მათ ეჭვს არც საფუძველი ჰქონდა და არც მტკიცებულება. 2013 წლის 5 აგვისტოს კი, გამოძიების მიმდინარეობა დრამატულად შეიცვალა - საქმეში ოფიცერი კარენ კორკორანი და მისი გერმანული ნაგაზი, მოლი ჩაერთნენ. კორკორანი ვისკონსინის შტატის, ქალაქ მედისონის პოლიციაში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი, საკუთარ კომპანიას Canine Search Solutions-ს უთმობდა, სადაც ის ძაღლებს გვამების მოსაძებნად წვრთნიდა. კორკორანი ამბობდა, რომ მას ბოლო 30 წელში 265 საქმეზე ჰქონდა ნამუშევარი. მოლი, რომელიც მან თავშესაფრიდან აიყვანა, მისი ზედამხედველობის ქვეშ გვამების პოვნის სფეროში ერთგვარ ლეგენდად ჩამოყალიბდა.

კორკორანი და მოლი ადგილობრივ პოლიციას ლა პლატას ოლქის (კოლორადო) შერიფის ოფისის საწყობში შეხვდნენ. მოლიმ საწყობი კორკორანისგან შესაბამისი ბრძანების მიღებისთანავე შეამოწმა, მისი ქცევიდან გამომდინარე კი კარენმა თქვა, რომ ოთახი სუფთა იყო. ამის შემდეგ საწყობში სამი ქაღალდის შეკვრა შემოიტანეს, რომლებშიც ის ტანსაცმელი ინახებოდა, რაც რედვაინს დილანის დაკარგვის დღეს ეცვა. მოლი ორ მათგანთან დაჯდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან ადამიანის გვამის სუნი აიღო. მისი ქცევა მიანიშნებდა, რომ სუნი ჯინსებზე, სპორტულ ფეხსაცმელებსა და სამუშაო მაისურზე იგრძნო.

ამის შემდეგ კორკორანი და მოლი რედვაინის სახლშიც მივიდნენ. სახლში შესვლამდე მოლიმ კარენს 6 ადგილას მიანიშნა, სახლში კი ძაღლი ბუხართან, საძინებელ ოთახში, ყავისფერ სავარძელთან და სარეცხ მანქანასთან დაჯდა. მოგვიანებით, მოლიმ რედვაინის Dodge-ის ფირმის პიკაპიც შეამოწმა და გვამის სუნი აქაც აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის გაუჩინარებიდან წელიწადზე მეტი იყო გასული.
 
თითქმის 4 წლის შემდეგ, პოლიციამ რედვაინი სატვირთო მანქანების პარკინგზე დააკავა. ის შვილის მკვლელობაში იყო ბრალდებული. სამხრე კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ რედვაინი დაბნეულია და პოლიციას განმარტებას სთხოვს. კოლორადოს შტატის პროკურორებმა ნაფიცი მსაჯულებისგან შემდგარი სასამართლო კოლეგია დაარწმუნეს, რომ რედვაინისთვის უმძიმესი განაჩენი გამოეტანათ: ბავშვის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მოპყრობა და მეორე ხარისხის მკვლელობა. სასამართლო განხილვებისას ბრალდების მთავარი ხაზი ძაღლის ქცევას დააფუძნეს.

ძაღლების ყნოსვის განსაკუთრებულობა ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში იყო განთქმული, თუმცა, ძაღლების კრიმინალთან ბრძოლაში გამოყენება შედარებით ახალი პრაქტიკაა. სხვადასხვა მეთოდით გაწვრთნილ ძაღლებს პოლიცია, ძირითადად, დაკარგული ადამიანების, გვამებისა და ნარკოტიკული საშუალებების აღმოსაჩენად იყენებს. აღსანიშნავია, რომ 1 თვის წინ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება მაიამის აეროპორტში, Covid-19-ის აღმოჩენისთვის დაიწყეს.

თუმცა, სისხლის სამართლის საქმეებში ძაღლების გამოყენებას კრიტიკოსები ჰყავს. მათი აზრით სასამართლო სისტემა არ უნდა ეყრდნობოდეს ისეთ ტექნიკას, რომელსაც მეცნიერულად დადასტურებული უტყუარობა არ აქვს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ძაღლის ქცევაზე ხშირად გავლენას ახდეს მათი პატრონის განწყობები. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ არსებობს კვლევა, რომელშიც აღწერილია ზუსტად რას და როგორ ეძებენ ძაღლები. ამასთან, გასაგები მიზეზის გამო, მოპასუხეებსა და მათ ადვოკატებს არ შეუძლიათ ძაღლი ჯვარედინად დაკითხონ, რაც მათ მტკიცებულებების შესწავლისა და შეპასუხების უფლებას ართმევს, რომელიც მათ აშშ-ის კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული.

კარენ კორკორანმა ქალაქ მედისონის ადგილობრივ პოლიციაში მუშაობა 1990 წელს დაიწყო. ძაღლებით დაინტერესების შემდეგ მან ამ მეთოდის დანერგვა მის უფროსებსაც შესთავაზა, თუმცა, მათ შესაბამისი ინტერესი არ გამოუჩენიათ. 1999-2001 წლებში კი კორკორანი კომპანია Canine Solutions Inc.-ის სემინარებს დაესწრო, რომელსაც პოლიციის ძაღლების მწვრთნელი, სანდრა ანდერსონი ატარებდა და გერმანული ნაგაზების გაწვრთნა თავადაც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ანდერსონი პოლიციას წლების განმავლობაში ისეთი საქმეების გახსნაში ეხმარებოდა, სადაც არც მტკიცებულებები მოიპოვებოდა და, ზოგიერთ შემთხვევაში, არც გვამი ან ძვლები. თუმცა, 2004 წელს FBI-მ ანდერსონი ძვლებისა და გვამის ნარჩენების ფაბრიკაციის ბრალდებით დააკავა. 2005 წელს კი კორკორანმა საკუთარი კომპანია Canine Search Solutions დაარსა.
 
კორკორანმა განსაკუთრებულ წარმატებას 2004 წელს მიაღწია, როცა მან ათწლეულების წინ შეჩერებული საქმე გახსნა. 1976 წელს, ვისკონსინის შტატში ქალი უგზაუკვლოდ დაიკარგა. თითქმის 40 წლის შემდეგ კი კორკორანის ძაღლმა, კლეომ გვამის სუნი 14 ადგილას აიღო, სადაც, სავარაუდოდ, მთავარმა ეჭვმიტანილმა, დაკარგული ქალის ყოფილმა ქმარმა, საკუთარი ცოლი მოკლა და შემდეგ მისი გვამი დამალა. ძვლებისა და ნარჩენების არ არსებობის გამო, კორკორანმა მოსამართლის დარწმუნება ვერ შეძლო და მას ჩვენების მიცემის უფლება არ მისცეს. თუმცა, ბრალდებულმა დანაშაული თავად აღიარა და დაადასტურა, რომ გვამი სწორედ იმ ადგილებზე დამალა, სადაც კარენს კლეო მიუთითებდა. ამის შემდეგ, კორკორანმა პოპულარობა მოიპოვა და მას პროკურორები არაერთ საქმეზე იწვევდნენ. მისი კარიერული აღმასვლის პარალელურად, აშშ-ში პოლიციის ძაღლების რაოდენობამაც იმატა, მათი რიცხვი 20 წელიწადში 25-ჯერ გაიზარდა და 2010 წელს 50 000-ს მიაღწია.

რედვაინის შემთხვევაში, ზემოხსენებული საქმის მსგავსად, მოლიმ გვამის სუნი ისეთ ადგილებში იგრძნო, სადაც არცერთი ნარჩენი ან ძვალი არ აღმოუჩენიათ. "წარმოიდგინეთ, რომ ვინმემ თქვენს სახლში პოპკორნი გააკეთა, შედიხართ სახლში და პოპკორნის სუნი გცემთ, მაგრამ პოპკორნის აღარ არის". მისი თქმით, დამნაშავეებს გვამის გაქრობა შეუძლიათ, თუმცა ძაღლის ყნოსვას ვერავინ მოატყუებს.

კორკორანის განცხადებას ძაღლის ცხვირის აგებულებაც ამყარებს, ძაღლის ცხვირის ღრუში 200 მილიონამდე ყნოსვის რეცეპტორს ვხვდებით, როცა მათი რაოდენობა ადამიანებში 2.5-ჯერ ნაკლებია. როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, გაუწვრთნელ ძაღლსაც კი საკუთარი პატრონის მაისურის ამოცნობა შეუძლია.

თუმცა, შესაძლებელია, რომ გვამის სპეციუფიკური სუნი მკვლელობიდან 7 თვის ან მეტის განმავლობაში შენარჩუნდეს? რატგერსის უნივერსიტეტის ნევროლოგის, ჯონ მაკგენის თქმით, შეუძლებია ზუსტად დავადგინოთ რას ეძებს ძაღლი. "იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ძაღლს შეუძლია სუნს გაყვეს და ადამიანი იპოვოს, ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რას ეძებენ. ჩვენ უბრალოდ წარმოდგენა არ გვაქვს, ზუსტად რის სუნს მიჰყვებიან ისინი."

აღსანიშნავია, რომ კარენ კორკორანს, რომელიც რედვაინის საქმეში პროკურატურამ ჩართო, მრავალი წარმატება ჰქონდა. პროკურორებმა კორკორანი 6 საქმეზე გამოიძახეს, ექვსჯერვე კარენმა მოსამართლისგან სხდომაზე ჩვენების მიცემის უფლების მოიპოვა, ექვსივე შემთხვევაში სასამართლომ ეჭვმიტანილი დამნაშავედ ცნო, აუხსნელი გარდაცვალებები კი დასჯად მკვლელობებად გადაიქცა.

2019 წლის 27 ივნისს, დილანის გაუჩინარებიდან თითქმის 7 წლის თავზე, დაცვის მხარემ საქმეში კომპანია Innocence Project-ის ადვოკატები დანა დელგერი და კრის ფაბრიკანტი ჩართო. მათი მიზანი მოსამართლის, ჯეფრი უილსონის დარწმუნება იყო, რომ მას ძაღლის ყნოსვის ხარჯზე მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენებაზე უარი ეთქვა.
 
ფაბრიკანტს საკუთარი ნარატივის გასამყარებლად, ავსტრალიის პოლიციის მონაცემები მოჰყავდა, სადაც ძაღლების მიერ ნარკოტიკის სავარაუდო აღმოჩენის 10 211 სიგნალი იყო აღრიცხული, მათი 74 % კი არასწორი აღმოჩნდა. თუმცა, ფაბრიკანტს განსაკუთრებით ისეთი შემთხვევები აწუხებდა, სადაც ძაღლებს პირდაპირი მტკიცებულებების წყაროდ იყენებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, მიჩიგანში მოხდა, სადაც მოქალაქე დეანდრე ლეინმა პოლიციას განუცხადა, რომ მისი ქალიშვილი ავტომობილის ძარცვის დროს გაიტაცეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციის ძაღლმა მის მანქანაში გახრწნილი გვამის სუნი აღმოაჩინა, სასამართლომ ლეინი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. არიზონაში კი ქალს შვილის მკვლელობისა და მისი გვამის ნაგავში გადაგდებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურა, ამ შემთხვევაშიც, ძაღლების მწვრთნელთა ჩვენებებს ეყრდნობოდა. არცერთ შემთხვევაში გამომძიებლებს გვამი არ უპოვნიათ, თუმცა ჩვენებებმა ბრალდებულების ბედი გადაწყვიტა.

ნიშანდობლივია ისიც, თუ როგორ სრულდება მსგავსი საქმეები, თუ მოსამართლე ძაღლების გამოყენებაზე უარს იტყვის. 2019 წელს დელგერი და ფაბრიკანტი, კორკორანისა და მისი კოლეგების პირისპირ კიდევ ერთხელ აღმოჩდნენ. ვისკონსინელმა ადვოკატმა, რომელიც იმ მამაკაცის ინტერესებს იცავდა, რომელიც ყოფილი შეყვარებულის მკვლელობასა და მისი გვამის ტბაში ჩაგდებაში იყო ბრალდებული, დელგერისა და ფაბრიკანტის დახმარებით, მოახერხა მოსამართლის დარწმუნება, რომ კორკორანის მოპოვებული მტკიცებულებები არ გამოეყენებინა, რადგან მას არ გააჩნდა სამეცნიერო საფუძველი და მტკიცების სტანდარტს არ აკმაყოფილებდა. სასამართლომ ეჭვმიტანილი დამნაშავედ არ ცნო - ამით კორკორანის გამარჯვებების სერიაც შეწყდა.

ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროექტით - National Registry of Exonerations - შედეგებით, მინიმუმ 17-მა ადამიანმა დატოვა ციხე, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ისინი პოლიციის ძაღლების მიერ დაშვებული შეცდომების საფუძველზე გასამართლდნენ. აღსანიშნავია, 2000 წელს მომხდარი შემთხვევაც - ძაღლების მწვრთნელმა, სანდრა ანდერსონმა, რომელიც კორკორანს სემინარებს უკითხავდა, მოსამართლე დაარწმუნა დაესაჯა ტანზანიელი იმიგრანტი, რომელიც ბიძაშვილის მკვლელობაში იყო ბრალდებული. ანდერსონი სხდომათა დარბაზში დობერმანის ჯიშის ძაღლთან ერთად გამოცხადდა და ამტკიცებდა, რომ ძაღლმა ეჭვმიტანილის სახლში სისხლის სუნი აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონი რამდენიმე წელიწადში FBI-მ მტკიცებულებების ფაბრიკაციისთვის დააკავა, მოსამართლემ სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრალდებულის სამუდამო პატიმრობის შესახებ, მაინც ძალაში დატოვა. მისი თქმით, რეპუტაციაშელახული მწვრთნელის ჩვენება პროცესისთვის დამაზიანებელი არ ყოფილა.
 
დეგლერი და ფაბრიკანტი ამტიცებდნენ, რომ ძაღლს, შესაძლოა, ჰქონდეს უნარი, რომლითაც ის გვამის სუნს გაარჩევს, თუმცა სამეცნიერო ვალიდაციის არმქონე სამხილი შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ ერთი მტკიცებულების მეორეთი განმტკიცებისთვის და არა, მხოლოდ მის საფუძველზე ადამიანისთვის განაჩენის გამოსატანად. მათი აზრით, დიდი ალბათობაა ძაღლის ქცევაზე გავლენას ახდენდეს პატრონის მოლოდინი. აზრის განსამტკიცებლად, მათ ქალაქ დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრის, ლიზა ლიტის ნაშრომი მოიყვანეს, რომლის თანახმადაც მწვრთნელები ძაღლებს ხშირად არასწორი დასკვნების გამოტანისკენ უბიძგებენ. ლიტმა კვლევის ფარგლებში ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, 18 მწვრთნელს მარიხუანითა და დენთით სავსე შეკვრები გადასცა და უთხრა, რომ მსგავსი შეკვრები, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ეკლესიაში ინახებოდა. შედეგად, ძაღლების 85 %-მა სამხილების ადგილმდებარეობას “მიაგნეს”, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში არაფერი ინახებოდა. ლიტის დასკვნით, ძაღლები ერთგულებას პირველ რიგში მათი პატრონებისადმი იჩენენ და არა საკუთარი ყნოსვის.

ძაღლისა და მათი მწვრთნელების ურთიერთობით გამოწვეული გავლენის თავიდან არიდება ფაქტობრივად შეუძლებელია. დელგერი და ფაბრიკანტი კი ამტკიცებდნენ, რომ ძაღლებზე გავლენას მათი მწვრთნელების უნებლიე მინიშნებებიც ახდენდა, რადგან ძაღლები ადამიანის სახეს დიდი ყურადღებით აკვირდებიან, განსაკუთრებით, თვალებს.

კარენ კორკორანი კი საკუთარ მეთოდში დარწმუნებულია და გამოცემა Science-სთან ინტერვიუში მის კრიტიკოსებს "ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევრებს" ადარებს. "20 წელზე მეტია ისეთი ადამიანები მაკრიტიკებენ, რომლებსაც საერთოდ არ ესმით ჩვენი ძაღლების მუშაობის პრინციპი".  მისი თქმით, ეს ერთადერთი მეთოდია, რომელსაც დაკარგული ადამიანების ოჯახისთვის სიმშვიდის მოტანა შეუძლია.

მოსამართლე ჯეფრი უილსონმა კორკორანს რედვაინის საქმეზე ჩვენების მიცემის უფლება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების ყნოსვას მეცნიერული ვალიდაცია არ გააჩნია, სასამართლო სისტემამ, კოლორადოს შტატის ძველ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მეთოდი "საერთო ცოდნის" ნაწილად მიიჩნია.

რედვაინის დაცვის გუნდი ცდილობდა, რომ საკუთარი ნარატივი სწორედ სამეცნიერო ვალიდაციის არქონაზე აეგო. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმატაციაში მონაწილე 554 მოსამართლე მზად იყო ძაღლების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ეჭვმიტანილისთვის განაჩენი გამოეტანა.
 
კორკორანის გამოჩენამდე, ბრალმდებლების ნარატივი გარემოებებზე გადიდოდა, პროკურატურამ გამოიძახა დილანის მეგობარი გოგო, რომელიც ცრემლმორეული იხსენებდა, რომ დილანს მამამისთან წასვლა არ სურდა. დილანის ძმა კი სავარაუდო მოტივისაც ასახელებდა, მისი თქმით, მან და დილანმა მამის ლეპტოპში ფოტოები აღმოაჩინეს, სადაც რედვაინს ბიუსტჰალტერი ეკეთა და გამოყენებული პამპერსიდან, ფეკალიებს მიირთმევდა. დილანი ამ საკითზე მამასთან საუბარს გეგმავდა და მისი ძმის აზრით, დაპირისპირების მიზეზი, შესაძლოა, ეს გამხდარიყო. თუმცა, საქმეში არ არსებობდა სამხილები, პროკურატურის მიერ გამოძახებული ექსპერტი ამტკიცებდა, რომ დილანის მოსაკლავად ბასრი საგანი იყო გამოყენებული, მაგრამ გამოძიებას იარაღი არ აღმოუჩენია.

დასკვნით სასამათლოზე, ერთადერთ მტკიცებულებად კვლავ კორკორანისა და მოლის მიერ, რედვაინის სახლსა და პიკაპში აღმოჩენილი გვამის სუნი რჩებოდა. კორკორანს სასამართლოსთვის 8 წლის წინ მიცემული ჩვენების დეტალების გახსენება გაუჭირდა, პროკურორების მიერ მოლის ფოტოს ჩვენების შემდეგ კი მას ცრემლი მოერია, რადგან 2018 წელს მოლი დაიღუპა.

დაცვის მხარემ კი სასამართლოზე კიდევ ერთი ექსპერტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი, ჯეიმს ჰა გამოიძახა, რომელიც ცხოველების ქცევას შეისწავლიდა, თუმცა პროკურორებმა მას აღიარებინეს, რომ გვამებზე მომუშავე ძაღლებთან შეხება არ ჰქონია. მკვლევარს აინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა სუნი ღია ან დახურულ სივრცეში 48 საათზე მეტხანს გაჩერებულიყო. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ სუნი დროთა განმავლობაში გაიფანტოს. მკვლევარი ხაზს უსვამდა იმასაც, რომ გამოქვეყნებული კვლევების ნაკლებობის გამო, მეცნიერება გარკვეული დროის შემდეგ დარჩენილ სუნს ვალიდურ კონცეფციად არ აღიარებდა. მისი თქმით, ხელშასახები მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ძაღლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. "ჩვენ არ ვიცით რა ხდება ძაღლის გონებაში, ისინი რობოტები არ არიან".

საბოლოოდ, საქმე, რომელიც გარემოებრივ საფუძვლებზე და ძაღლის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე იყო აგებული, 12 ნაფიც მსაჯულს გადაეცა. 6 საათიანი მსჯელობის შემდეგ სასამართლომ რედვაინი დამნაშავედ ცნო. კორკორანის რეპუტაციამ მსაჯულები დაარწმუნა, რომ ძაღლმა უბრალოდ იცის ის, რისი ცოდნაც ჩვენ არ შეგვიძლია. 2021 წლის 8 ოქტომბერს კი მარკ რედვაინს სასჯელის ვადად სასამართლომ 48 წელი განუსაზღვრა.

კომენტარები