მიხეილ სააკაშვილი

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში – მოშიმშილე დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს

ზუგდიდის საკრებულო
კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა, ფრაქცია ენმ-ის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლეს, თუმცა ამ პროცესს ხმაური მოჰყვა.  საკრებულოს დეპუტატებს ლეიბების ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადატანა სურდათ, თუმცა დაცვა მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. 

საბოლოოდ, მოშიმშილე დეპუტატებმა  სხდომათა დარბაზში პირადი ნივთების გადატანა მოახერხეს.

ენმ-ის წევრის, მოშიმშილე მაია კალანდიას თქმით, მათ ფრაქციის ოთახიდან, სხდომათა დარბაზში იმიტომ გადაინაცვლეს, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაჩქარება გააპროტესტონ. ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ გაუგებარია თუ რატომ უნდა მიიღონ 2022 წლის ბიუჯეტი ძველი საკრებულოს წევრებმა. 

"აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას. პირველ რიგში აღვნიშნავ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა არის 30 დეკემბერი. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში შეუძლია ჩანიშნოს პირველი ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა - რაც ნიშნავს იმას რომ ახლად არჩეული საკრებულოები ეტევიან ყველანაირ სამართლებრივ ვადებში განიხილონ და დაამტკიცონ 2022 წლის ბიუჯეტი. თუმცა დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც საკრებულოებში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას, განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად, იმის შიშით რომ საკრებულოში მათ არა აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოების პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოყვეს რიგგარეშე არჩევნები".- აცხადებს წითლიძე. 

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის 5 დეპუტატი მესამე დღეა შიმშილობს. 

 

კომენტარები