შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ვ.ც.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - წერია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.