თურქეთი

თურქული მედია: თურქეთის დაზვერვამ ისრაელის დაზვერვის, მოსადის 15 აგენტი დააკავა

თურქული მედიის ცნობით, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MIT) 200-კაციანმა ჯგუფმა გამოააშკარავა ისრაელის დაზვერვის სააგენტოს, მოსადის რამდენიმე ქსელი, რომლებიც მოქმედებდნენ თურქეთში მყოფი ისრაელის მოწინააღმდეგე პირების წინააღმდეგ

Daily Sabah-ის ცნობით, გამოააშკარავეს 5 სამკაციანი ქსელი, რომელთაც ერთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მას შემდეგ, რაც დაზვერვამ ინფორმაცია პოლიციას გაუზიარა, კონტრტერორისტულმა ჯგუფმა 7 ოქტომბერს, ოთხ პროვინციაში საიდუმლო ოპერაცია ჩაატარა და მოსადის აგენტობის ბრალდებით 15 პირი დააკავეს. 

თურქული ცნობების მიხედვით, ჯაშუშები მოსადს აწვდიდნენ ინფორმაციას თურქეთში მოსწავლე უცხოელების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა მომავალში თავდაცვის სფეროში ემუშავათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ერთ-ერთი ქსელი, რომელიც თურქეთის საზღვრებს გარეთ მოსადის მაღალჩინოსნებს ხვდებოდნენ, როგორც ამას თურქული მედია იუწყება. ერთ-ერთი ბრალდებული ინფორმაციას კონკრეტულად თურქეთში მცხოვრები პალესტინელების შესახებ აგროვებდა. 

საქმესთან დაკავშირებით თურქული მხარე გამოძიებას გააგრძელებს.

კომენტარები