SALFORD

ამსტერდამის სასამართლომ TV იმედის მფლობელი კომპანია დააყადაღა

იმედი
IMEDINEWS

2021 წლის აგვისტოში ამსტერდამის სასამართლომ ტელეკომპანიების - იმედისა და GDS-ის მფლობელი კომპანიის - Stichting Media Finance International-ის დაყადაღების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. კომპანიის მფლობელები ირაკლი რუხაძე და მისი ბიზნესპარტნიორები, ბენ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან. ამის შესახებ Forbes Georgia წერს.

საკითხის ქრონოლოგია შემდეგნაირია - ირაკლი რუხაძე კომპანია Salford Capital Partners International-ში დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რომლის მიზანიც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ბიზნესმენის მრავალმილიარდიანი ქონების და აქტივების მართვა, მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება იყო. აქტივების აღდგენისა და მოძიების მიზნით Salford-მა დააარსა კომპანიები - Recovery Partners GP Limited და Revoker LLP. აღნიშნულ კომპანიებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ რუხაძის პარტნიორებიც. 

პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის რუსმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ, პრეტენზია განაცხადა მის ქონებაზე და დაიწყო სამართალწარმოება სხვადასხვა იურისდიქციაში.

კომპანია Salford-ი რამდენიმე წლის განმავლობაში პატარკაციშვილის მრჩეველი და პარტნიორი იყო. Salford-ის აღმასრულებელი დირექტორისა და მფლობელის, იუჯინ ჯაფეს ხელმძღვანელობით კომპანია პატარკაციშვილის ქვრივს ქონების დაცვაში ეხმარებოდა.

3-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, ერთის მხრივ Salford-სა და მეორეს მხრივ რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს შორის დავა წამოიჭრა, რასაც მათი გაყრა მოჰყვა 2011 წელს. ირაკლი რუხაძის, ბენ მარსონის და იგორ ალექსეევის ქმედებების შედეგად, Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების საქმეს ჩამოშორდნენ, პროექტი კი მათ მიერვე დაარსებულმა კომპანიამ - Hunnewell Partners-მა მიითვისა, განახორციელა, მოგება და აქტივებიც მიიღო. 

2018 წლის ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს კომერციული შეთქმულება, რის შედეგადაც კომპანია Salford-ის მიერ დაფუძნებულმა ფირმებმა გამზადებული მილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს. როგორც მოსამართლე სარა ქოქერილმა დაადგინა, კომერციული შეთქმულების პროცესში მონაწილეებმა "სერიოზულად" დაარღვიეს ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციალური) ვალდებულება, Salford-მა დაკარგა პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და ის რუხაძის Hunnewell Partners-მა მიითვისა. 

ბრიტანული სასამართლოს თანახმად, Salford-ის მიერ დაფუძნებულ ფირმებს აქვთ მოთხოვნის სრული უფლება Hunnewell Partners-ის მიერ მითვისებულ პროექტებსა და ამის შედეგად მიუღებელ მოგებაზე.

Salford-ის მიერ დაარსებული კომპანიების სარჩელის შესაბამისად, 2021 წლის 18 ოქტომბერს დაწყებულ პროცესზე სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა მოცულობის ბიზნეს შესაძლებლობები გაუშვეს კომპანიებმა ხელიდან აღნიშნული კომერციული შეთქმულების და ირაკლი რუხაძის, ბენ მარსონისა და იგორ ალექსეევის მიერ ფიდუციარული ვალდებებულებების დარღვევის შედეგად.

ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2021 წლის აგვისტოში ამსტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, იმედისა და GDS-ის მფლობელი კომპანია - Stitching Media Finance International-ი დაყადაღდებოდა. სასამართლოს თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება არის შემაკავებელი ზომა, რათა მოპასუხეებმა ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღნიშნული კომპანიის წილები არ გაასხვისონ.

კომპენსაცია, რომლის მოცულობაც სასამართლომ უნდა დაადგინოს, ირაკლი რუხაძისა და მისი პარტნიორების, ასევე მათ მიერ დაარსებული კომპანიის, Hunnewell Partners-ის საკუთრებაში არსებული აქტივებისა და ანგარიშების მეშვეობით ანაზღაურდება. 

ირაკლი რუხაძის და მისი საინვესტიციო ჰოლდინგის, Hunnewell Partners-ის საკუთრებაშია საქართველოს სიდიდით მესამე ბანკი - ლიბერთი ბანკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, Stichting Media Finance International-ი, რომელიც, თავის მხრივ, ტელეკომპანიების იმედისა და GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელ ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს ფლობს, ასევე მაგთიკომისა და ჰაიდელბერგცემენტის აქციები.

რა მოცულობის თანხის გადახდა მოუწევს ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესა და მის Hunnewell Partners-ს კომპანია Salford-ისთვის, ამას ბრიტანული სასამართლო დაადგენს.

კომენტარები