კორონავირუსი საქართველოში

ბოლო კვირაში დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა გადავიდა, COVID-19 დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირაში საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. სკოლებში ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს.

სამინისტროს ცნობით, ​​​​​ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

"სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის  გამოყენებით ინტენსიურად უტარდება". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა  38 093 ტესტი და დადასტურდა 3 270 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 298 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 652 677 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 608 861 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 396.

კომენტარები