ექვსი ერის პლატფორმა

თავისუფლების ინსტიტუტი კონსტიტუციით 3+3 პლატფორმაში მონაწილეობის აკრძალვას მოითხოვს

თავისუფლების ინსტიტუტი კონსტიტუციით საქართველოს 3+3 პლატფორმაში მონაწილეობის აკრძალავს მოითხოვს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონით უნდა აიკრძალოს ამერიკისა და ევროპის პირადი ჩართულობის გარეშე ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად საერთაშორისო გაერთიანებებში მონაწილეობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 3+3 გაერთიანებაში შესვლა დსთ-ში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტსა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დარტყმა იქნება.

"ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კონსტიტუციით აიკრძალოს ოკუპანტთან ერთად საერთაშორისო გაერთიანებებში მონაწილეობა ან მასთან სეპარატული მოლაპარაკებები ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების პირდაპირი ჩართულობის გარეშე". – ნათქვამია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ინიციატივა სწორედ იმ კონსტიტუციური ნორმის შემდგომი განმტკიცებისა და ისტორიული არჩევანის დაცვისათვის არის საჭირო, რომლის თანახმადაც საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ გამოხატა ევრო-ატალნტიკური ინტეგრაციის ურყევი ნება და 2017 წლის ცვლილებებით ეს ნება კონსტიტუციაშიც აისახა.

"დამატებითი კონსტიტუციურ გარანტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სულ უფრო იზრდება დამღუპველ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩათრევისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის რისკები.

3+3-ის მსგავსი იდეა ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განიხილებოდა, კავკასიის უსაფრთხოების პლატფორმის სახელწოდებით. მაშინ დასავლეთის დახმარებით ამ ხაფანგს თავი ავარიდეთ, თუმცა ახლა იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ". – ნათქვამია განცხადებაში. 

8 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ 3+3 ფორმატში რუსეთთან ერთად მონაწილეობა რთული იქნება, რადგან არ ჩანს დე-ოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რის გამოც, 3+3 ფორმატში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი რთულია. თუმცა, ზალკალიანის თქმით, საქართველომ პროცესში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა ქვეყანამ რეგიონში ფუნქცია არ დაკარგოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრ დავით ზალკალიანის სიტყვები 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის ვრცელდება.

მინისტრ ზალკალიანის სიტყვები კრიტიკულად შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ.


ამ დრომდე საქართველო უარს ამბობდა 3+3 ფორმატში, იგივე 6 ერის პლატფორმაში მონაწილეობაზე.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა, რაც გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი, ეს კი მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

კომენტარები