ფსიქოტროპული წამლები

რეგულირების სააგენტო: სპეციალური სამალავებიდან 6 000-მდე ფსიქოტროპული საშუალება ამოვიღეთ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოვლინდა. სააგენტომ სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღო. მათ შორის, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. მათივე ცნობით, 6 შემთხვევაში გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა აფთიაქის ნებართვის გარეშე.

"მხოლოდ სექტემბრის თვეში თბილისსა და ბათუმში სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ადგილი ჰქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას. გატარებული ღონისძიებების შედეგად, აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია და კონფისკაციას დაექვემდებარა 5 766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება". – თქვა რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი გუნცაძემ.

სააგენტოს ინფორმაციით, ასევე გამოვლინდა სანებართვო პირობების დარღვევის 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტი.

კომენტარები