ბათუმი ხელოვნური კუნძული

ვის გადაეცა 90 ჰა ტერიტორია ბათუმში და ვინ ააშენებს $100-მილიონიან ხელოვნურ კუნძულს?

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში დუბაის პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძულის მშენებლობა იგეგმება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარი იქნება. 

კუნძულის აღნაგობის უფლება და 90 ჰა ტერიტორია ბარცხანასა და თამარის დასახლებაში ამბასადორ ჯგუფს გადაეცა. 

პროექტი "ამბასადორი ბათუმი აილენდი" გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. 

ქებურიების ოჯახის მიერ დაფუძნებული ამბასადორ ჯგუფის პორტფელში თბილისისა და კაჭრეთის სასტუმო ამბასადორებია. გარდა ამისა, კომპანია გოდერძის უღელტეხილსა და ბათუმში 16-სართულიან სასტუმროს აშენებს. 

ამჟამად კუნძულის შექმნისთვის საჭირო განაშენიანების გეგმა და მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული. ასევე, არ გასაჯაროებულა დეტალური არქიტექტურული გეგმა, რომელიც, სავარაუდოდ, ჯერ არც არსებობს. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო კვლევები წელს დაიწყება. 

"კუნძულს რაც შეეხება, ძალიან მალე ნახავთ, როგორ დაიწყება კვლევები და როგორ აშენდება".
 

 

კომენტარები