სომხეთი-აზერბაიჯანი

სომხეთმა აზერბაიჯანს ჰააგის სასამართლოში რასობრივი დისკრიმინაციისთვის უჩივლა

სომხეთმა აზერბაიჯანს ჰააგაში მდებარე გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა. ერევანი ბაქოს რასობრივი დისკრიმინაციის შეთანხმების დარღვევას აბრალებს. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანი თავს დაიცავს და მსგავს სარჩელს სომხეთის წინააღმდეგ, იგივე ბრალდებით თავადაც შეადგენს.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს, ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დიდი ნაწილიდან აზერბაიჯანის ძალებმა გააძევეს ეთნიკურად სომეხი სამხედროები და ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინეს. კონფლიქტი რუსეთის მიერ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

სომხეთმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა ათწლეულების განმავლობაში სომეხთა ეთნიკურ დისკრიმინაციასა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში. ამ კონვენციისთვის ორივე ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი.  

სომხეთის შედგენილ საჩივარში წერია, რომ 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ "აგრძელებდა სომეხი ომის პატიმრების, ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების ხოცვას, წამებასა და სხვა სახის ძალადობას". 

"ამიტომაც, სომხეთი სასამართლოს სთხოვს აზერბაიჯანს პასუხი აგებინოს საკუთარ დარღვევებზე... რათა აღიკვეთოს მომავალი ზარალი და გამოსწორდეს უკვე მიყენებული ზარალი", – წერია სარჩელში. 

საერთაშორისო სასამართლოს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვრცელდება თუ არა მისი იურისდიქცია ამ საკითხზე.

კომენტარები