რუსეთი

რუსეთში GOOGLE DOCS-ის დაბლოკვა დაიწყეს

რუსეთში სხვადასხვა ოპერატორებმა Google Docs-ის სერვისის დაბლოკვა დაიწყეს. ინფორმაციას პროექტი GlobalCheck ავრცელებს. GlobalCheck-ი რუსეთში ინტერნეტ სერვისების ბლოკირებას აკვირდება. პროექტის მონაცემებით საიტ docs.google.com-ს ოპერატორები MTC, მეგაფონი, როსტელეკომი ბლოკავენ. პროექტ როსკომსვაბოდას ინფორმაციით კი, საიტზე წვდომა შეზღუდული აქვთ Tele2-ის მომხმარებლებსაც.

"სავარაუდოდ ბლოკირება დაკავშირებულია ჭკვიანი კენჭისყრის სიების Google დოკუმენტებში გამოქვეყნებასთან" - ნათქვამია GlobalCheck-ის განცხადებაში. 

15 სექტემბერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდმა ჭკვიანი კენჭისყრის პროექტის ფარგლებში რეკომენდაციები გასცა, რომელი კანდიდატებისთვის დაეჭირა მხარი ოპოზიციონერულად განწყობილ ამომრჩეველს რუსეთის დუმის არჩევნებზე, რომლებიც 17 სექტემბერს იწყება.

ჭკვიანი კენჭისყრა ალექსეი ნავალნის შტაბის მიერ შემუშავებული ხმის მიცემის სტრატეგიაა. ეს სტრატეგია სთავაზობს ყველას, ვისაც არ უნდა, მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთს მხარი დაუჭიროს, ხმა მისცეს ყველაზე ძლიერ კანდიდატს სხვა პარტიიდან. ასეთ კანდიდატს ნავალნის შტაბი ადგენს. როგორც წესი, ეს იმ პარტიის წარმომადგენელია, რომლის კანდიდატმაც წინა არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა ამა თუ იმ ოლქში.

პროექტი ჭკვიანი კენჭისყრა 2018 წელს დაიწყო. მალევე როსკომნადზორმა პროექტის საიტი პერსონალური ინფორმაციის შესახებ უფლებების დამრღვევთა რეესტრში დაამატა.

ბოლო კვირებში რუსეთის მედიამონიტორინგის სამსახური როსკომნადზორი ბლოკავს ჭკვიანი კენჭისყრის საიტს და აპლიკაცია ნავალნის, რომელსაც ჭკვიანი კენჭისყრის პროექტთან დაკავშირების ფუნქცია აქვს.

კომენტარები