აწარმოე საქართველოში

2020 წელს აწარმოე საქართველოშიმ ქართული ოცნების შემწირველი 5 კომპანია 775 ათასით დააფინანსა

აწარმოე საქართველოში
ფლანგვის დეტექტორი

ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფო პროგრამამ, აწარმოე საქართველოში, ქართული ოცნების შემწირველი 5 კომპანია 775 000 ლარით დააფინანსა. 

აწარმოე საქართველოში კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი პროგრამაა, რომელიც ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში ყოველწლიურად აფინანსებს კერძო კომპანიებს. 

2020 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კომპანიების მესაკუთრეებსა და დირექტორებს ქართლი ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 610 000 ლარი აქვთ შეწირული. 

93 000-ლარიანი დაფინანსება კი ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარის, ზაქარია ქუცნაშვილის ძმის კომპანიამ მიიღო.

"აწარმოე საქართველოში პროგრამის ბენეფიციარებს შორის ხშირად ვხვდებით ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კომპანიებს ან თავად ქართულ ოცნების შემომწირველებსა და მათ კომპანიებს.

მაგალითისათვის, 2019 წელს დაფინანსებული კომპანიებიდან 32 კომპანია ქართული ოცნების ან სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი იყო. სხვადასხვა წლებში აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 1 517 444 ლარი შეწირეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 446 000 ლარი.

ამჯერად ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა 2020 წელს ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში დაფინანსებული კომპანიები. დაფინანსებულ კომპანიებს შორის 6 კომპანია აღმოჩნდა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული. 5 კომპანიის შემთხვევაში მესაკუთრეები ქართული ოცნების შემომწირველები არიან, 1 კომპანიის შემთხვევაში კი კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ძმაა.

საერთო ჯამში, 2020 წელს 774 300 ლარით დაფინანსდა 5 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებმა სხვადასხვა დროს ქართულ ოცნებასა და ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საერთო ჯამში 610 000 ლარი შესწირეს". – წერია ფლანგვის დეტექტორის ანგარიშში. 

2020 წელს დაფინანსებულ კომპანიებს შორისაა: შპს Construction Service-ი, შპს შატო კვირიკე, შპს გზა და შპს ბაზალტ ფაიბერი.
 

კომენტარები