აწარმოე საქართველოში

მთავრობას ცვლილებები შეაქვს პროგრამაში "აწარმოე საქართველოში"

დღეს, 4 ივნისს, მთავრობის სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შესატანი ცვლილებები.

ცვლილებების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, განკარგულების სახეს იძენს ცვლილებები, რომლებიც მთავრობამ რამდენჯერმე დააანონსა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.

ეკონომიკის მინისტრის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიზრდება სესხების არეალი, რომელსაც მთავრობა დაეხმარება. თუ აქამდე მთავრობა ეხმარებოდა კომპანიებს, რომელთა სესხის მოცულობა 150 ათასი ლარიდან 5 მილიონამდე იყო, ახლა ქვედა ზღვარი 50 ათასი ლარი იქნება, ზედა კი - 10 მილიონი.

ამასთან, თუ აქამდე მთავრობის თანადაფინანსება 24 თვეს გრძელდებოდა, ახლა ეს პერიოდი 36 თვემდე იზრდება.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობა გააფართოვებს პროგრამის ფარგლებში დარგობრივ მოცვას. თუ აქამდე "აწარმოე საქართველოში" 100 დარგს მოიცავდა, ახლა, მინისტრის თანახმად, ეს რაოდენობა "პრაქტკიულად ორმაგდება".

"მათ შორის გამორჩეული არის საშენ მასალათა წარმოება." - ამბობს თურნავა.

მისი თქმით, ამ სფეროში მთავრობა ხედავს "დიდ პოტენციალს", რათა ბიზნესმა შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება და პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს.

თურნავას თანახმად, "იგივე შეეხება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ ინდუსტრიას და კვების მრეწველობას".

კომენტარები