ფილ კოლინზი

ფილ კოლინზი: დრამზე ვეღარ ვუკრავ, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს

The Sun

ოქტომბერში როკ ბენდ Genesis-ის უკანასკნელი საკონცერტო ტურნე არის დაგეგმილი. BBC-თან ინტერვიუში ჯგუფის ლიდერმა, ფილ კოლინსმა განაცხადა, რომ დრამზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ დაუკრავს.

"სამწუხაროდ დრამზე ვეღარ ვუკრავ, ჩემს ადგილს ჩემი შვილი, ნიკი დაიკავებს. გულდასაწყვეტია, მინდოდა ერთად დაგვეკრა, მაგრამ ცალი ხელი პრაქტიკულად აღარ მემორჩილება, დასარტყამ ჯოხს ვეღარ ვიჭერ. ასაკოვანი ადამიანები ვართ, ეს ტურნე ნამდვილად უკანასკნელი იქნება". – ამბობს 70 წლის კოლინსი.

ბენდის ტურნე სახელად The Last Domino თავდაპირველად 2020 წლის მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. 14 წლის განმავლობაში The Genesis სცენაზე პირველად ბრუნდება.

The Genesis ინგლისში 1967 წელს ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი დამფუძნებელი პიტერ გებრიელი იყო, რომელმაც პროექტი 1975 წელს დატოვა. კოლინსი ბენდში 1970 წელს დრამერად მოვიდა, გებრიელის წასვლის შემდეგ მუსიკოსი როკ ჯგუფის წამყვანი წევრი და ვოკალისტი გახდა. კომერციულ წარმატებას The Genesis-მა კოლინსის პერიოდში მიაღწია.

კომენტარები