მსოფლიო ჩემპიონატი 2022

ბრაზილია-არგენტინის მატჩი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ იზოლაციის დარღვევის გამო ჩაშალა

მსოფლიო ჩემპიონტის საკვალიფიკაციო მატჩი ბრაზილიასა და არგენტინას შორის ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დაწყებისთანავე შეაჩერეს. მათი თქმით, სამმა არგენტინელმა ფეხბურთელმა იზოლაციის წესი დაარღვია.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ გამოაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების 4 ფეხბურთელს თამაში არ შეეძლო, რადგან მათთვის COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გამო იზოლაცია იყო საჭირო.

როდესაც სტადიონზე არგენტინელი ფეხბურთელები გამოვიდნენ, მალევე გამოჩნდენ ბრაზილიის ჯანდაცვის წარმომადგენლები და თამაში შეაჩერეს. ფეხბურთელები და ოფიციალური პირები რამდენიმე წუთი განიხილავდნენ მატჩის შეჩერების საკითხს. 

ბრაზილიის ახალი რეგულაციების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ნამყოფმა ადამიანებმა ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ. სამი არგენტინელი ფეხბურთელი, ვის გამოც თამაში ჩაიშალა, ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშობს. 

ბრაზილიის ჯანდაცვის წარმომადგენელთა ბრალდებით, ფეხბურთელებმა, რომელთაც მარეგულირებელმა ორგანომ კარანტინის ვალდებულება დააკისრა, მათ საკუთარ ბოლო მოგზაურობებზე ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

მსოფლიოში არსებული რეგულაციების გამო, სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს არ შეუძლიათ საკუთარი მოთამაშეების, მათ შორის გამორჩეული ფეხბურთელების სტადნიონზე გამოყვანა. 

ამჟამად სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ჯგუფში ბრაზილია ლიდერობს და ის არგენტინას 6 ქულით უსწრებს. მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს, კატარში ჩატარდება.

კომენტარები