კორონავირუსი საქართველოში

დეკანოიძე: სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით უნდა გაუქმდეს

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესებაზე საუბრობს. 

პარტიის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებულ ოჯახებს კომუნალური გადასახადები 3 თვით უნდა გაუუქმდეთ, ასევე, სრულად ვაქცინირებულებისთვის წლის ბოლომდე უნდა განახევრდეს ტრანსპორტის ფასი. დეკანოიძის თქმით, აუცილებელია, რომ სრულად აცრილ სოციალურად დაუცველებს დამატებით მიეცეთ 1 თვის სოციალური დახმარება, პენსიონერებს კი - დამატებით ნახევარი თვის პენსია. ასევე, ენმ-ის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებულ თვითდასაქმებულებს წლიური საშემოსავლო გადასახადი უნდა გაუნახევრდეთ. 

"იმისთვის, რომ ეპიდვითარება შემსუბუქდეს, სასწრაფოდ არის დასაწყები და გასატარებელი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ეს ნაბიჯები დასაწყებია დაუყოვნებლივ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გაკეთებულიყო. პირველ რიგში, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეპიდემიოლოგებმა, იმ ადამიანებმა, ვინც ღიად დადის ქართული ოცნების შეკრებებზე და შემდეგ ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, წარმოადგინონ პროგნოზი, ტრაექტორია, სად მიდის ქვეყანა ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით. 

ჰოსპიტალურ სექტორში უმძიმესი ვითარების გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ადამიანებს სოფლებში, პატარა ქალაქებში არ აქვთ საშუალება, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ, აუცილებელია, სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა სოფელში მივიდეს მობილური ვაქცინაციის ბრიგადა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჰოსპიტალურ სექტორში ადამიანებს, ექიმებს, რომლებიც გაუსაძლის პირობებში არიან, დაეხმარონ ჩვენი ის თანამოქალაქეები, ვისაც შესაბამისი განათლება აქვს. აუცილებელია, რომ ეს პრივილეგია რეზიდენტურის გამოცდებზე და დღეებზე ჩაეთვალოთ კურსდამთავრებულებს". - ამბობს დეკანოიძე.

26 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 331 736 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.6%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევა. 

კომენტარები