რუსეთის ჯაშუშები

ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ოთხშაბათს, 11 აგვისტოს გერმანიის პოლიციამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. პოლიციის თანახმად, ეჭვმიტანილი რუსეთის უშიშროების სამსახურებს ინფორმაციას ფულის სანაცვლოდ აწვდიდა.

პოლიციის თანახმად, ეჭვმიტანილი დავიდ ს.-ი ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელია.

დავიდ ს.-ი ქალაქ პოტსდამში დააკავეს. პოლიციის თანახმად, ის რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს დოკუმენტებს 2020 წლის ნოემბრის შემდეგ გადასცემდა.

"ეჭვმიტანილმა, ერთხელ მაინც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული დოკუმენტები გადასცა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელს. ბრალდებულმა ინფორმაციის გადაცემისთვის უცნობი რაოდენობის ნაღდი ფული მიიღო". – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთი და ჩინეთი აქტიურად ცდილობენ კომერციულად მნიშვნელოვანი მონაცემების და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და პოლიტიკაში ჩარევას.

კომენტარები