ენდრიუ კუომო

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულმა კუომომ ნიუ-იორკის გუბერნატორის პოსტი დატოვა

ენდრიუ კუომო
The Guardian

ნიუ-იორკის დემოკრატი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელსაც შტატის გენერალური პროკურატურის ანგარიშის მიხედვით ბრალად ედება 11 ქალის სექსუალურად შევიწროება, 10 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა

"ვფიქრობ, რომ გარემოებების გათვალისწინებით, საუკეთესო გზა, რითაც ახლა შემიძლია დაგეხმაროთ, ეს ჩემი გვერდზე გადადგომაა და ასეც მოვიქცევი". – თქვა კუომომ. 

3 აგვისტოს კუომოს გადადგომისკენ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მოუწოდა. 

"ვფიქრობ, თანამდებობიდან უნდა გადადგეს. როგორც მესმის, შტატის კანონმდებლებმა, შესაძლოა, მისი იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღონ". – თქვა ჯო ბაიდენმა.

მიუხედავად კრიტიკისა და მოწოდებებისა, თავად გუბერნატორი ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. 

კუომოს თქმით, ფაქტები "ბევრად განსხვავებულია იმისგან", რაც წარმოჩენილია ანგარიშში. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან სახელით მოიხსენია ერთ-ერთი ქალი, რომელიც მას შევიწროებაში სდებს ბრალს. 

"მინდა, რომ პირდაპირ ჩემგან იცოდეთ, რომ მე არასდროს არავის შევხებივარ შეუფერებლად ან გამიკეთებია შეუფერებელი სექსუალური შეთავაზება". – თქვა კუომომ. 

გუბერნატორმა "სხვები" დაადანაშაულა "პრესის მახინჯი ისტორიებით კვებისთვის" და თქვა, რომ მის ადვოკატს მომზადებული აქვს საჯარო დოკუმენტი, რომელიც თერთმეტივე ქალის ბრალდებას პასუხობს.


ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა 11 ქალი. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა, ისაუბრა. 

ლეტიცია ჯეიმსის ცნობით, პროკურატურის გამოძიებით გამოირკვა, რომ კუომომ შეავიწროვა მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები, თუმცა, მათ გარდა ის სექსუალურად ავიწროებდა იმ ქალებსაც, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობდნენ. 

ჯეიმსის თქმით, კუომო "არასასურველად და ნების საწინააღმდეგოდ ეხებოდა" ქალებს და მათ "სექსუალური ხასიათის მინიშნებებს" აძლევდა. პროკურორის ცნობით, კუომოს ქცევა ქმნიდა "მტრულ სამუშაო გარემოს ქალებისთვის". 

კუომოს როგორც ფედერალური, ისე შტატის კანონების დარღვევას ედავებიან. გენერალური პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, კუომო სექსუალურად მხოლოდ მის ოფისში დასაქმებულ ქალებს არ ავიწროებდა, არამედ შტატის საჯარო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც ეხებოდა. 

"ჩვენ ასევე დავასკვენით, რომ აღმასრულებელი პალატის კულტურას, რომელიც აღსავსე იყო შიშითა და ზეწოლით და სადაც ასევე ნორმალიზებული იყო გუბერნატორის მიერ ხშირი ფლირტი და გენდერზე დამყარებული კომენტარები, წვლილი შეჰქონდა ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც ხელს უწყობდა იმას, რომ შევიწროება ხდებოდა და განგრძობადად მეორდებოდა. ამ კულტურას ასევე გავლენა ჰქონდა იმაზეც, თუ როგორ არასათანადოდ და არაადეკვატურად პასუხობდა აღმასრულებელი პალატა შევიწროების ბრალდებებს". – წერენ გამომძიებლები, ჯუნ კიმი და ენ კლარკი ანგარიშში. 

ანგარიში მოიცავს 11 ქალის ბრალდებას, რომლებიც კუომოს შევიწროებაში ადანაშაულებენ. როგორც კლარკი ამბობს, გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ 11-ვე ქალის ბრალდება სანდო იყო და მათ მიერ მოთხრობილი ისტორიები სხვადასხვა ხარისხით დადასტურდა.

 

კომენტარები