გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. საბჭოს წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარუდგინა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, მიროსლავ იენჩამ.
სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა: აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ, ნორვეგიამ, ესტონეთმა და საფრანგეთმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადებას უერთდება საბჭოს მომავალი წევრი ქვეყანაც – ალბანეთი.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები განცხადებაში კვლავ გამოთქვამენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას. ასევე, გმობენ რუსეთის პროვოკაციებს, როგორიცაა საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ რეგიონებში, ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა, ე.წ. ბორდერიზაცია, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია გალსა და ახალგორში, ქმედებები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები.
უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა ახსენეს 2021 წლის იანვარში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს ოკუპირებული რეგიონების ეფექტიან კონტროლს, ეკისრება პასუხისმგებლობა აქ ჩადენილ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე.
გაეროს უშიშროების საბჭო გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული მდგომარეობის კონტროლის მონიტორინგის შეუზღუდავი მექანიზმების დაშვება.
ერთობლივი განცხადების ავტორები ასევე გამოთქვამენ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ .
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ.
გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ საერთო განცხადების ავტორებს სოციალურ ქსელ Twitter-ზე მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ურყევი მხარდაჭერისთვის.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერ განცხადებას ასევე შეუერთდა უკრაინის მისია გაეროში.