ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

"რომ ვჭიდაობ, მეც ვძალადობ" – როგორ ამართლებდა ხინჩეგაშვილი გეგეშიძეს

"რომ ვჭიდაობ, მეც ვძალადობ". - ასე ამართლებდა მოჭიდავე და ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გორში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს, რომელმაც თავისსავე კოლეგას, ზურაბ დათუნაშვილს სცემა.

"ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ. რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ, ძალის გამოყენების გარეშე მას მე ქულას ვერ ავუღებ". - ამბობდა ხინჩეგაშვილი 2019 წლის 23 იანვარს.  

ქართულმა ოცნებამ ხინჩეგაშვილი მერობის კანდიდატად დღეს, 30 ივლისს დაასახელა. 

ლადო ხინჩეგაშვილი 2016 წელს ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად რთველში იყო.

2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. დათუნაშვილმა საქართველო დატოვა - მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. 2021 წლის 24 აპრილს დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა.

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ხუთიათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ის კორუფციული ფონია, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაშია შექმნილი. 

ინციდენტის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ სპორტული კარიერის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იქნებოდა. 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დათუნაშვილი მოლაპარაკებებს სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მართავდა. 

აგვისტოში დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მის სერბეთში გადასვლას გეგეშიძე აქტიურად უშლიდა ხელს. სერბეთის სახელით ასპარეზობის გაგრძელების შესახებ ცნობილი გახდა სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუდან.

კომენტარები