ლიტერა 2021

არტისტები, რომლებმაც წულუკიანს პროტესტი გამოუცხადეს და ლიტერაში მონაწილეობას აღარ იღებენ

ლიტერატურულ პრემია ლიტერაში მონაწილეობას მწერლები, ტორესა მოსი და მათე სარალიშვილი და დიზაინერი, ნატა ავალიანი საკუთარი ნებით აღარ მიიღებენ და ამის მიზეზი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანია.

არტისტები ამბობენ, რომ მათ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რადგან ამ უწყების მინისტრი "სრულიად უკულტურო ადამიანი" თეა წულუკიანია.

ტორესა მოსი პირველი იყო, რომელმაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ Facebook-ზე დაწერა. მისი წიგნი ორდროშობანა ლიტერას გრძელ სიაში იყო მოხვედრილი.

"უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. სანამ ეგ ქალია მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან" - წერს მწერალი.

ამის შემდეგ, სტატუსი დაწერა მათე სარალიშვილმაც, რომელმაც ასევე უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე. მისი წიგნი მივიწყებულნი საუკეთესო რომანის სახელისთვის იბრძოდა ლიტერაზე.

"გუშინ გზაში გავიგე "ლიტერას" კონკურსის შესახებ. აქამდე პოსტი არ დამიწერია. გამომცემლობასთან შეთანხმების შემდეგ ჩემს აზრს ვაჟღერებ. 

"მივიწყებულნი" 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ. 

ამაზე ფიქრისას ტორესას პოსტი შემომხვდა. ტორესამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათ ვერ მიიღებს. 

"ეძღვნება ყველას, ვინც უსამართლოდ დასაჯეს, 
სხვისი ტვირთი აჰკიდეს ზურგზე.
ეძღვნება ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მათ მომავალ თაობებს.
ასევე იმათ, ვისაც ოცდამეერთე საუკუნის ყოველდღიური აყალმაყალი აწუხებს და მით უმეტეს მათ,
ვისაც არაფერი აწუხებს ამ ქვეყანაზე."

სიიდან ჩემს რომანს ვშლი", - დაწერა სარალიშვილმა.

კონკურსზე ორგზის ნომინირებულმა ნატა ავალიანმა კი თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ,  სანამ მინისტრი არის "ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი" ის მონაწილეობაზე უარს ამბობს.

"პირველ რიგში, მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული და პატივისცემა "მწერალთა სახლის" და მისი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ ქართველი ავტორებისთვის, საგამომცემლო საქმისთვის და, ზოგადად, ლიტერატურისთვის. 

ამასთან, მეც არ შემიძლია, უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი. 

ეს არის ჩემი ინდივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი "ლიტერას" მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და "მწერალთა სახლს" და სრულიად საქართველოს". - წერს ავალიანი.

კომენტარები