ტყვიის სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე წელს ოლიმპიადაზე მეცხრედ წარდგება და ამით ის პირველი ქალი სპორტსმენი გახდება, რომელმაც ოლიმპიადაზე ასპარეზობა 9-ჯერ შეძლო.
52 წლის ქართველმა მიზანში მსროლელმა ოლიმპიადაზე 8-ჯერ ასპარეზობისას მედლის მოპოვება 3-ჯერ მოახერხა - 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 19 წლის ასაკში მან საბჭოთა კავშირის გუნდში ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე - ბრინჯაოს მედალი საქართველოს სახელით. ოლიმპიადის გარდა, სალუქვაძემ რამდენჯერმე მოახერხა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მოგება.
ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები ტოკიოში დღეს გაიხსნება, რომელშიც 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშე სწორედ ნინო სალუქვაძე იქნება.