ევრო 2020

რაშფორდმა რასისტულ კომენტარებს უპასუხა: ჩემი წარმომავლობის გამო ბოდიშს არასოდეს მოვიხდი

Sky Sports

11 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ინგლისის ნაკრები იტალიასთან, პენალტების სერიაში დამარცხდა. 

საკუთარი დარტყმები ვერ გამოიყენეს ინგლისელმა ფეხბურთელებმა – მარკუს რაშფორდმა, ჯეიდონ სანჩომ და ბუკაიო საკამ. თითოეული მათგანი სოციალურ მედიაში გააკრიტიკეს, სპორტსმენების მიმართ, რომლებიც ემიგრანტების შთამომავლები არიან, არაერთმა რასისტულმა კომენტარმა გაიჟღერა. გაბრაზებულ გულშემატკივარს რაშფორდი წერილით გამოეხმაურა.

"არ ვიცი, რით დავიწყო საუბარი და როგორ მოვუყარო სიტყვებს თავი. რთული სეზონი მქონდა, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ფინალში თავდაჯერებულობა მაკლდა. საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის მიუხედავად, არასასურველი შედეგი მივიღე, ჩემი თანაგუნდელები დავაღალატე. მხოლოდ ერთი გოლის გატანა მევალებოდა, არადა მძინარესაც კი შემიძლია პენალტის შესრულება, მაინცდამაინც ახლა რატომ ავაცილე? ფინალი, 55 წელი, ერთი პენალტი. ისტორია. ბოდიშს ვიხდი, ყველაფერი, შესაძლოა, სხვანაირად დასრულებულიყო, მაგრამ არასდროს მოვიხდი ბოდიშს ჩემი წარმომავლობის გამო. სიამაყით ვატარებ ფორმაზე გამოსახულ სამ ლომს. სხვა თუ არაფერი, ეს მაინც გამაჩნია - მე ვარ მარკუს რაშფორდი, 23 წლის შავკანიანი კაცი სამხრეთ მანჩესტერიდან". – ამბობს ინგლისის ნაკრების 11 ნომერი.

ფეხბურთელების ონლაინ ბულინგს ნეგატიურად გამოეხმაურა ასევე სასექსის ჰერცოგი, პრინცი უილიამი.

"გულს მირევს ინგლისის ნაკრების წევრების მიმართ რასისტული დამოკიდებულება. დაუშვებელია ფეხბურთელები ასეთი წნეხის ქვეშ იყვნენ". – ამბობს სამეფო ოჯახის წევრი.

ინგლისის ნაკრების მარცხის შემდეგ, რაშფორდის მშობლიურ მანჩესტერში ფეხბურთელის გრაფიტი დააზიანეს. ფეხბურთელის გულშემატკივრებმა დაზიანებული ადგილები სიყვარულის შემცველი წერილებითა და პოსტერებით გადაფარეს.

 

კომენტარები