ოპერატორის გარდაცვალება

POG: დავით კუტალაძეს ბრალი წარედგინა, პატიმრობას ვითხოვთ

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის საქმეზე პუტინისტ ორკს, დავით კუტალაძეს ბრალი წარედგინა. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია TV პირველის ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება". – წერია განცხადებაში.

კუტალაძე გუშინ, 12 ივლისს დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინეს.

უწყების ცნობით, ლაშქარავასა და ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე  ხუთი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბრალი  21 ორკს აქვს წარდგენილი. დაზარალებულად ცნობილია 36 ადამიანი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს. ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები