ოპერატორის გარდაცვალება

ჰარცელი: EU მკაცრად გმობს ძალადობას, მტკიცედ მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა. ელჩი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. 

"დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ღრმა მწუხარებას.

ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას." - ამბობს კარლ ჰარცელი.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები