ხანძარი ვაშლოვანში

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი ჩააქრეს

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ძლიერი დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია 112-ში 30 ივნისს შევიდა. 

"შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და აღნიშნავს, რომ ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 30-კაციანი ჯგუფი მუშაობდა.

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. 

"სავარაუდოდ, ხეს მეხი დაეცა, ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. სამი ათეული წელია, ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა ზაფხულში არ მახსოვს. რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ არ ვიცით. მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი“. – უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა, ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

კომენტარები