რუსეთი

რუსეთის პროკურატურამ ამერიკული კოლეჯი, Bard College არასასურველ ორგანიზაციად ცნო

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული სასწავლებლის, Bard College-ის საქმიანობა არასასურველად ცნო. ინფორმაცია პროკურატურის გვერდზე ვრცელდება.

"მიღებული მასალების შესწავლის შედეგად რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, არასასურველად ცნოს რუსეთის ტერიტორიაზე უცხოური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციის Bard College-ის საქმიანობა. დადგინდა, რომ [კოლეჯის] საქმიანობა საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციურ წყობას და უსაფრთხოებას". – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს კოლეჯის არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართავს.

Bard College ჰუმანიტარული მეცნიერებების კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ნიუ-იორკის შტატში 19-ე საუკუნეში დაფუძნდა. ხელოვნებისა და დიზაინის სფეროში ის მსოფლიოს 200 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში შედის. 

Bard College სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში იღებდა მონაწილეობას. 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ფაკულტეტი დამოუკიდებელი სასწავლო დაწესებულება გახდებოდა. იგეგმებოდა, რომ კურსდამთავრებულები მიიღებდნენ ორმაგ დიპლომს, თავისუფალი მეცნიერებების უნივერსიტეტის და Bard College-ის დიპლომს.

2021 წლის მარტში რუსეთის არაკომერციული ორგანიზაციების საბჭომ გენპროკურატურას სთხოვა, შეემოწმებინა თავისუფალი მეცნიერებების უნივერსიტეტის კავშირი "ჯორჯ სოროსის კონტროლის ქვეშ მყოფი არაკომერციულ ორგანიზაციასთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე დესტრუქციულ საქმიანობას ეწევა". საბჭომ ასევე ითხოვა Bard College-ის არასასურველ ორგანიზაციად ცნობა.

კომენტარები