რუსეთი

გამოჩენილი ისტორიული ფიგურების სიაში პუტინის რეიტინგი ეცემა, სტალინი სათავეშია – კვლევა

ვლადიმირ პუტინს ყველაზე გამოჩენილ ისტორიულ ფიგურად გამოკითხული რუსების მხოლოდ 15% მიიჩნევს, მაშინ, როცა სულ რაღაც 4 წლის წინ ეს მაჩვენებელი 34%-ს უტოლდებოდა. 

ლევადას ცენტრის კვლევის მიხედვით, ტოპ 10 რუსი ისტორიული მოღვაწის ჩამოთვლისას, ვლადიმირ პუტინი გამოკითხულთა მხოლოდ 15%-ს გაახსენდა, რაც 2017 წელთან შედარებით, განახევრებული მაჩვენებელია. მეორე მხრივ, სიის სათავეში, 39%-იანი რეიტინგით მყარად დგას საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი, რომელსაც კომუნისტური რევოლუციის სულისჩამდგმელი, ვლადიმირ ლენინი, 30%-იანი აღიარებით მოსდევს.

ამ წელს პუტინზე მეტი აღიარება პოეტ ალექსანდრ პუშკინსა და ცარ პეტრე I-ს ხვდათ წილად, რომელთაც ტოპ ისტორიულ ფიგურებად გამოკითხული რუსების 23% და 19% მიიჩნევს, შესაბამისად. 

ნიშანდობლივია, რომ პუტინის 15%-იანი რეიტინგი 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია, ეს კი ის წელია, როცა ფედერაციის პრეზიდენტი ამ სიაში პირველად გამოჩნდა. 

კვლევაში 1 620 რესპონდენტი რუსეთის 137 ქალაქში იღებდა მონაწილეობას. 

კომენტარები