საგარეო საქმეთა სამინისტრო

ზალკალიანი: შეიქმნა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კომისია

საქართველოს მთავრობა

"დღეს პრემიერმინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამთავრობოთაშორისო კომისია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების მიზნით". – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამთავრობო ბრიფინგზე ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს.

ზალკალიანი აღნიშნავს, რომ კომისიის მიზანია, მოხდეს დეოკუპაციის საკითხზე ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება. ზალკალიანის თქმით, ამ პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ასევე ჩართული იქნებიან სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები.

 "ეს იქნება ყოვლად საპასუხისმგებლო და ყოვლად მომცველი პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ისე სამოქალაქო საზოგადოება. ასევე კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები. წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და ერთად შევიმუშავებთ სახელმწიფოებრივ ხედვას ხვალინდელი სამშვიდობო პოლიტიკის და დეოკუპაციის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით". – თქვა ზალკალიანმა.

კომენტარები