სოფელი აიბღას ანექსია

საგარეო აიბღაზე: მოსკოვის მიერ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ აფხაზეთის სოფელ აიბღის ანექსიას ეხმაურება. უწყების პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რუსეთი, წლებია, დგამს ნაბიჯებს აიბღის ფორმალური ანექსიისკენ და მოსკოვის მიერ  ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღის ნაწილის თავის ტერიტორიად გაფორმება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯია. 

"საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვევობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებით, გაეროს წესდებითა და ჰელსინკის დასკვნითი აქტით. საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელყოფა რუსეთის მიერ კი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ისევე, როგორც მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 
 
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ორმხრივ ფორმატში განახლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია სრულად შეასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და რეგიონების სრულ დეოკუპაციას და შეცვლის უკანონო გადაწყვეტილებას მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

რუსეთის ფედერაციის მიერ სოფელ აიბღის ანექსიის შესახებ განცხადება 18 ივნისს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელი აიბღის ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა.

სოფელი აიბღა ორად იყო გაყოფილი, მისი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მხარეს იყო მოქცეული, ნაწილი კი საქართველოსი.რუსეთის ფედერაციამ აიბღის შეერთების სურვილი ჯერ კიდევ 2001 წელს გამოთქვა, რაც ნახსენებიცაა DRI-ს ანგარიშში. რუსეთმა სოფლის ფაქტობრივი ანექსია ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა.

კომენტარები