გავრილოვის ღამე

საია: სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო

ტბელ აბუსერიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით აქციის დარბევის დროს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო. 

საია-ს ცნობით, სასამართლო საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, საქმეებზე ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისი კითხვებით მიმართა. 

დაზარალებულების სახელით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი საია-მ და EHRAC-მა ერთობლივად შეიტანეს. გაგზავნილი საჩივრები საერთო ჯამში 22 დაზარალებულის საქმეს აერთიანებს. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. 

"ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა, თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 3 სექტემბრამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ასეთი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12-კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით". – წერს საია. 

20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია. 

აქციის დარბევის შედეგად სულ 240 ადამიანი დაშავდა - აქედან 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და დანარჩენი მშვიდობიანი მომიტინგე. აქციის 3-მა მონაწილემ რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. 38 წლის კაცი მართვით სუნთქვაზე 7 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მეორე უმძიმესად დაშავებული, 46 წლის დავით გრიგორიანი კი კომაში 10 დღის განმავლობაში იყო. 

გავრილოვის ღამე - ამ სახელწოდებით გახდა ცნობილი 20-21 ივნისის მოვლენები მსოფლიოსთვის, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

კომენტარები