Airbnb

AIRBNB-მ $7 მილიონი გადაუხადა ქალს, რომელიც კომპანიის სერვისით ნაქირავებ ბინაში გააუპატიურეს

Getty Images

გამოცემა Bloomberg-ის თანახმად, კომპანია Airbnb-მ 7 მილიონი დოლარი გადაუხადა ავსტრალიელ ტურისტს, რომელმაც კომპანიის სერვისის გამოყენებით ნიუ-იორკში ბინა იქირავა. Airbnb-ი ბინების გამქირავებლებსა და ტურისტებს ერთმანეთთან აკავშირებს და მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებს ბინის დაქირავების საშუალებას აძლევს.

Bloomberg-ის თანახმად, ავსტრალიის მოქალაქე და მისი მეგობრები 2015 წელს იყვნენ ნიუ-იორკში. მათ ბინის გასაღები მეპატრონისგან პირადად არ მიუღიათ და ახლოს მდებარე მაღაზიიდან აიღეს. გამოცემის თანახმად, თავდამსხმელს ბინის გასაღების ასლი ჰქონდა, რომელიც საკუთრებაში შეღწევისთვის გამოიყენა. 24 წლის თავდამსხმელმა ავსტრალიელი ქალს დანით დაემუქრა და გააუპატიურა. პოლიციამ ის თავდასხმის შემდეგ მალევე დააკავა. მას ბრალი გაუპატიურებისთვის წარუდგინეს.

Bloomberg-ის თანხმად, თავდასხმის შემდეგ Airbnb პოლიციას დაუკავშირდა და მსხვერპლის დახმარების სურვილი გამოთქვა. კომპანიამ მსხვერპლი სასტუმროში დააბინავა, ავსტრალიიდან აშშ-ში ტურისტის დედის მგზავრობის ხარჯი აანაზღაურა და აანაზღაურა ორივეს ავსტრალიაში დაბრუნების ხარჯებიც. კომპანიამ დაზარალებულს სამედიცინო მომსახურების, მათ შორის, ფსიქოლოგის კონსულტაციის ხარჯების ანაზღაურებაც შესთავაზა.

Bloomberg-ის თანახმად, შეთანხმების ფარგლებში, რომლის შედეგადაც დაზარალებულმა $7 მილიონი მიიღო, მას Airbnb-ის ბინის მფლობელის მომხდარში დადანაშაულების ან სასმართლოში ჩივილის უფლება არ აქვს. გამოცემის თანახმად, მსხვერპლი და კომპანია თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ შეთანხმდნენ.

თუმცა, Airbnb-ს წარმომადგენელი, ბენ ბრეიტი ამბობს, რომ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში დაზარალებულს სექსუალურ თავდასხმაზე საუბრის თავისუფლება აქვთ.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოცემის უფრო ფართო გამოძიების ნაწილია, რომელიც Airbnb-ის სერვისთან დაკავშირებულ უსაფრთხოების სტანდარტებს ეხება.

Airbnb-ს არ აქვს მკაცრი რეგულაციები, როგორ უნდა მოხდეს ბინის გასაღების მიღება. ბინის მეპატრონეებს ასევე არ მოეთხოვებათ, კომპანიას უთხრან, ვის აქვს ბინის გასაღების ასლი. თუმცა, ბოლო პერიოდში, კომპანია გარკვეულ ფასდაკლებებს სთავაზობს მასპინძლებს, რომლებსაც გასაქირავებელ ბინებში ელექტრონულ კოდზე მომუშავე საკეტებისა და უსაფრთხოების დამატებითი სისტემის დაყენება სურთ.

კომენტარები