უნგრეთი

ბუდაპეშტში ჩინური უნივერსიტეტის კამპუსის გახსნის გეგმას აპროტესტებენ

EPA

უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ჩინური უნივერსიტეტის კამპუსის გახსნის გეგმას აპროტესტებენ. პროექტის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტი უნგრულ უმაღლეს სასწავლებლებზე უარყოფითად აისახება და ქვეყანაში ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების გავლენას გაზრდის. შაბათს, 5 ივნისს ფუდანის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნის მოწინააღმდეგეებმა ბუდაპეშტში მარში გამართეს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ აქციით დასრულდა.

პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობას პეკინთან ახლო კავშირები აქვთ, ცოტა ხნის წინ უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება, რომლეიც ჰონგ კონგში ჩინეთის მოქმედებებს აკრიტიკებდა.

"ორბანი და მისი მემარჯვენე პარტია თავს ანტიკომუნისტებად აჩვენებენ, მაგრამ რეალურად კომუნისტები მათი მეგობრები არიან". - უთხრა AFP-ს პროტესტის ერთერთმა მონაწილე სონია რადიკსმა.

პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო თანხები, რომელიც ფუდანის უნივერსიტეტის პროექტს უნდა მოხმარდეს, ჯობია უნგრული უნივერსიტეტების გაუმჯობესებისთვის დაიხარჯოს.

ბუდაპეშთში ფუდანის უნივერსიტეტის კამპუსის აშენება დაახლოებით 1.8 მილიარდი დოლარი დაჯდება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ობანის მთავრობამ 2019 წელს მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემაში დახარჯა. უნგრული მედიის Direkt36-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, უნივერსიტეტის ასაშენებლად უნგრეთის მთავრობა ჩინური ბანკისგან $1.5-მილიარდიან სესხს იღებს.

ფუდანის უნივერსიტეტი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია. ბუდაპეშტში ამ უნივერსიტეტის კამპუსი ევროკავშირში ფუდანის უნივერსიტეტის პირველი ფილიალი იქნება.

ლიბერალური კვლევითი ცენტრის Republikon Institute-ის თანახმად, უნგრეთის მოსახლეობის 2/3 ჩინური უნივერსიტეტის მშენებლობას მხარს არ უჭერს.

კამპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგება ბუდაპეშტის მერი გერგეი კარაჩონი, რომელმაც გასულ კვირას ბუდაპეშტში ქუჩებს ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ დაარქვა სახელები. ქუჩების ახალ სახელებს შორისაა, თავისუფალი ჰონგკონგის გზა, დალაი ლამას ქუჩა და უიღური წამებულების გზა.

მუსლიმი ეთნიკური უმცირესობა ჩინეთში სისტემური დევნის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლია. საერთაშორისო საზოგადოება ჩინეთის ხელისუფლების ქმედებებს უიღურების წინააღმდეგ გენოციდად აფასებს. ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებზე ბრალდებს უარყოფს.

კომენტარები