თვითმფრინავები

UNITED AIRLINES-ი ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავების დაბრუნებას შეეცდება 

Boom Technology-ს წარმოების ზებგერითი თვითმფრინავი
ფოტო: The Wall Street Journal

ამერიკული კომპანია United Airlines-ი ტურბორეაქტიული ძრავის მქონე ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავების დაბრუნებას შეეცდება და კომპანია Boom Technology-ს წარმოების 15 ერთეულ თვითმფრინავს შეიძენს. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახალი ტიპის 88-ადგილიან თვითმფრინავს ბგერის სიჩქარეზე 1.7-ჯერ სწრაფად შეეძლება ფრენა და მას, სავარაუდოდ, კომერციული მოხმარებისთვის 2029 წელს გაუშვებენ. 

UA-ის წარმომადგენლების ვარაუდით, ახალი ტიპის თვითმფრინავები სან-ფრანცისკოდან ტოკიომდე მგზავრობისთვის საჭირო დროს 11 საათიდან თითქმის 6 საათამდე შეამცირებენ.

ზებგერითი თვითმფრინავების ეპოქა 2000-იანი წლების დასაწყისში დასრულდა, კერძოდ, 2000 წლის 25 ივლისს, როდესაც Air France-ის კონკორდი N4590 ჩამოვარდა და 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ზებგერითი თვითმფრინავების ძირითად პრობლემად მათი შენახვისა და გამოყენების სიძვირე, წარმოების სირთულე და, რაც მთავარია, ტურბორეაქტიული ძრავების ხმაური სახელდებოდა. 

ბგერითი ბარიერის გადალახვის პროცესში კონკორდისა და მისი ანალოგი თვითმფრინავების ძრავები ერთგვარ აფეთქების ხმას გამოსცემდნენ, რომელიც ავიაციაში Sonic Boom-ის სახელითაა ცნობილი. 

კომპანია Boom Technology-ის წარმომადგენლების განმარტებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტექნოლოგიურმა პროგრესმა თითქმის მთლიანად აღმოფხვრა კონკორდთან და სხვა პირველი თაობის ზებგერით თვითმფრინავებთან დაკავშირებული პრობლემები. მათი თქმით, თანამედროვე ძრავები გაცილებით ჩუმია და ეკონომიური. 

გარდა ამისა, თანამედროვე კომპოზიტურმა მასალებმა და კომპიუტერულმა პროგრამებმა შეამცირეს ზებგერითი თვითმფრინავის შექმნასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები და ხარჯები. 

United Airlines-ში იმედოვნებენ, რომ ზებგერითი მგზავრობის ეპოქა ისევ დაბრუნდება და უსწრაფესი თვითმფრინავები კვლავაც დაიკავებენ პრემიუმ სეგმენტის მოწინავე პოზიციებს. 

კონკორდი 

 

კომენტარები