რუსეთი

არქტიკაში, ძალების ზრდის ფონზე, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

რადიო თავისუფალი ევროპისა და რუსული სამთავრობო მედიის ცნობებით, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი არქტიკაში შემოდგომაზე სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. 

ბოლო პერიოდში რუსეთი არქტიკაში სამხედრო წარმომადგენლობას თანდათან ზრდის. რეგიონში განათავსეს S-400-ების ტიპის სარაკეტო სისტემაც. 

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურის თქმით, წვრთნებზე შეამოწმებენ იმ ძალების მზადყოფნას, რომლებიც არქტიკაში მსახურობენ. ასევე, მან დაამატა, რომ წვრთნების მიზანი უსაფრთხოებაში დარწმუნებაა. 

ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურის თქმით, ისინი ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის უსაფრთხოებისთვის წყალქვეშა წვრთნებსაც ჩაატარებენ.

არქტიკაში ყინულის დნობამ რეგიონში საერთაშორისო კონკურენციის ზრდა გამოიწვია. ყინულის დნობა ხელს უწყობს როგორც ახალი საზღვაო მარშრუტების შექმნას, ასევე ახალი რესურსების მოპოვების შესაძლებლობას. მოსკოვი არქტიკაში გავლენების გაზრდას ცდილობს, რაც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-სა და NATO-ს მოკავშირეების ინტერესებთან. 

არქტიკაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტია, რომლის გამოყენებაც მოსკოვს ნავთობისა და ბუნებრივი აირის სხვა ქვეყნებში ექსპორტირებისთვის სურს. რუსეთს უნდა, რომ ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტით სავაჭრო გემებისთვის სუეცის არხის გზაზე მოკლე ალტერნატივა შექმნას, რომელსაც თავად გააკონტროლებს. 

კომენტარები