ქვევრი

"მისი დამზადება ქართველების ინტელექტის ნაყოფია" – ქვევრს გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი აქვს

დავითაშვილი

ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვევრი პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა.  ქვევრის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის დამადასტურებელი მოწმობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ გადასცა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარეგისტრაციო მონაცემებში გაწერა ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის ფორმა, აღწერილობა, ზომები და მოცულობა, დასამზადებელი ნედლეული, დამზადების ტექნოლოგია და სხვა მახასიათებლები.

"ქვევრს, როგორც პროდუქტს, რომელიც ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს, მეტი ყურადღება სჭირდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

"ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება ეროვნულ საღვინე ჭურჭელს - ქვევრს უკავშირდება. ქვევრის დამზადება ქართველი ხალხის ინტელექტის ნაყოფს წარმოადგენს" - აცხადებს სამინისტრო.

კომენტარები