რუსეთი

LEVADA: მოსკოვში ამომრჩევლების უმეტესობა საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას უჭერს მხარს

ვლადიმირ პუტინი
Moskva News Agency

რუსეთში ამომრჩეველთა უმეტესობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პუტინისტურ მმართველ პარტია ერთიან რუსეთს უჭერს მხარს. გამოკითხვების შედეგები დამოუკიდებელმა კვლევითმა ლევადა-ცენტრმა  გამოაქვეყნა. კვლევის შედეგები საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე გამოქვეყნდა. გამოკითხვა 15-26 აპრილის პერიოდში ჩატარდა.

აპრილის გამოკითხვის თანახმად, მოსკოვის მოსახლეობის უმეტესობამ, 56%-მა არ იცის როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების ჩატარების დრო იცის 40%-მა, კითხვას არასწორად პასუხობს 3%. დედაქალაქის მოსახლეობის 21% დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 17% არჩევნებში მონაწილეობისკენ იხრება, ხოლო 23%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 20% დარწმუნებულია, რომ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 17% იხრება იმისკენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

აპრილის გამოკითხვის მონაცემებით: 15% ერთიან რუსეთს უჭერს მხარს, 10% რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას, 6% - რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას, 6% სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის, 5% - პარტია ვაშლი

ლევადა ცენტრი აღნიშნავს, რომ განსხვავებული მდგომარეობაა ქვეყნის მასშტაბით. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, მთლიანად რუსეთის მასშტაბით პარტიების რეიტინგი ასე ნაწილდება: ერთიანი რუსეთი - 27, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია - 12, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია - 10, სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის - 5, პარტია ვაშლი - 1.

ლევადა-ცენტრის თანახმად, ქვეყანაში საპრეზიდენტო რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2020 წლის ნოემბრის შემდეგ. ლიდერების ოთხეული ასე გამოიყურება: ვლადიმირ პუტინი - 40%, ვლადიმირ ჟირინოვსკი - 4%, გენადი ზიუგანოვი - 2%, ალექსეი ნავალნი - 2%.

მდგომარეობა ცოტათი განსხვავებულია დედაქალაქში. მოსკოვში ვლადიმირ პუტინს მხარს 33% უჭერს, ალექსეი ნავალნის - 5%, ვლადიმირ ჟირინოვსკის - 3%,პაველ გრუდინინს - 2%. 

გამოკითხვა აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინს და მის მხარდამჭერ მმართველ პარტიას სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ. 

რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები სექტემბერში ჩატარდება. ერთიანი რუსეთის მიზანია, სუპერუმრავლესობა შეინარჩუნოს. ამჟამად პარტიას პარლამენტში მანდატების 75% აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინმა 76.7%-იანიანი მხარდაჭერით გაიმარჯვა და პრეზიდენტი მეოთხე ვადით გახდა. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2016 წელს ერთიანმა რუსეთმა ხმათა 54% მოიპოვა.

რუსეთში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.პუტინს ჯერჯერობით არ უთქვამს, მიიღებს თუ არა მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას. პუტინის ინიციატივით გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მას შეუძლია კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და პოტენციურად ქვეყნის ლიდერი 2036 წლამდე იყოს.

კომენტარები