ჩინეთის ვაქცინის დიპლომატია

ტაივანი: ჩინეთი ვაქცინებს იყენებს, რათა ისინი ჰონდურასთან პოლიტიკურ სარგებელში გაცვალოს

მას შემდეგ, რაც ტაივანის დიპლომატიურმა მოკავშირემ, ჰონდურასმა თქვა, რომ ჩინური ვაქცინების მოსაპოვებლად ჩინეთის ოფისის გახსნას განიხილავდა, ტაივანმა ჩინეთის ქმედება, რომ ვაქცინებს პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად იყენებს, დაგმო.

ჰონდურასს ჩინეთთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, რადგან ის ერთ-ერთია იმ 15 ქვეყნიდან, რომელიც ტაივანს აღიარებს. თუ, ესა თუ ის ქვეყანა ტაივანს აღიარებს და შესაბამისად მასთან აქვს დამყარებული ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები, მას ჩინეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარება არ შეუძლია და პირიქით. კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი.

ჰონდურასის პრეზიდენტმა ხუან ორლანდო ჰერნანდეზმა თქვა, რომ ვაქცინების შესაძენად მოიქცევა ისე, როგორც ჩინელებმა შესთავაზეს და "დიპლომატიურ ხიდს" ნახავს. მისი თქმით, მთავრობა მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა პანდემიის დროს თავის ხალხს დაეხმაროს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი მთავრობა ჩინეთში სავაჭრო ოფისს გახსნის, რადგან "ეს ჰონდურასელი ხალხის საუკეთესო ინტერესებშია".

ამასთან ერთად, მან მექსიკას, ჩინელ, არგენტინას, ელ-სალვადორს სთხოვა, რომ ჩინური ვაქცინის მოპოვებაში დახმარებოდა, ასევე ტაივანს სთხოვა, რომ აშშ-სთან ვაქცინების თხოვნაში დახმარებოდა.

"ეს მკაფიოდ ამტკიცებს, რომ პარაგვაიში ვაქცინის კრიზისის შემდეგ ჩინეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იყენებს ვაქცინებს, რათა პოლიტიკური და დიპლომატიური სარგებელი გაცვალოს ქვეყნებთან, რომლებსაც გადაუდებლად სჭირდებათ ისინი. ჰუმანიტარული საჭიროების უგულებელყოფა სამარცხვინო აქტია". –  ტაივანის მხარე იმავე ქმედებაში ადანაშაულებდა ჩინეთს პარაგვაის მიმართ. 

მარტში პარაგვაიმ, ტაივანის ასევე ერთ-ერთმა დიპლომატიურმა მოკავშირემ, განაცხადა, რომ მის მთავრობას დაუკავშირდა არაოფიციალური ბროკერები, რომლებიც ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის სანაცვლოს ჩინური ვაქცინებზე წვდომას სთავაზობდნენ. პეკინმა ეს უარყო. ჩინეთს პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ვაქცინის დიპლომატიაში ადანაშაულებენ. 

ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისის სპიკერი, ჭუ ფენგლიენი ირწმუნება, რომ მზადაა ვაქცინების, როგორც "გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტის" მომარაგებით დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს. მისივე თქმით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ ქვეყნები შესაბამისად მოაგვარებენ "ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიხედვით", რაც ჩინეთის აღქმით, გულისხმობს იმას, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია.

კომენტარები