რუსეთი

პუტინმა დუმაში ღია ცის შეთანხმებიდან გასვლაზე კანონპროექტი შეიტანა

ვლადიმირ პუტინი
TASS

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პარლამენტში ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი შეიტანა.

ღია ცის შეთანხმება 1992 წლის საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელსაც ხელს 33 სახელმწიფო აწერს. რუსეთმა შეთანხმების რატიფიცირება 2001 წელს მოახდინა. შეთანხმების ფარგლებში ნებადართულია ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიის საჰაერო სივრცეში შეთანხმებული სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება. შეთანხმების მიზანი შეიარაღების შეზღუდვაზე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ურთიერთკონტროლია.

რუსეთის ხელისუფლებამ შეთანხმების დატოვებისთვის მზადება 2021 წლის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რუსეთმა შეთანხმებიდან გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-მ "მოგონილი საბაბით" შეთანხმება 2020 წლის ნოემბერში დატოვა.

აშშ-მ ღია ცის შეთანხმების დატოვება რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევით ახსნა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოსკოვის, კალინინგრადის, ჩეჩნეთის, ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საზღვრებთან სადამკვირვებლო ფრენების აკრძალვაში ადანაშაულებდა. მოსკოვში ამას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ვაშინგტონი თავად არ ასრულებს შეთანხმების პირობებს.

კომენტარები