დანიის მთავრობა ხელოვნური კუნძულის აშენებას იწყებს, რომელზეც დასაწყისისთვის 600 გიგანტური ქარის ტურბინა იქნება განთავსებული და ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100%-ით დააკმაყოფილებს.
მსოფლიოს პირველი ენერგოკუნძული 18 ფეხბურთის მოედნისხელა იქნება, თუმცა, წარმატების შემთხვევაში, ზომის 3-ჯერ გაზრდაც იგეგმება. საბოლოო ჯამში, კუნძული 600-მდე ქარის ტურბინას დაიტევს.
აღნიშნული პროექტი დანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა – მისი ჯამური ხარჯები $34 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. სანაპიროდან 80 კილომეტრის მოშორებით, ღია ზღვაში განთავსებული კუნძულის 50% სახელმწიფო საკუთრებაში იქნება, დანარჩენი კი კერძო სექტორზე გადანაწილდება.
კუნძულის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არამხოლოდ დანიის მოსახლეობას, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც ეყოფა – სიმძლავრის მაქსიმუმამდე გაზრდის შემთხვევაში, კუნძული დანიის ელექტროენერგიის მოთხოვნაზე 1.5-ჯერ მეტი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს.
პროექტი დანიის კლიმატის აქტის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის ქვეყანამ სასათბურე აირების გამოყოფა, 1990 წელთან შედარებით, 70%-ით უნდა შეამციროს, 2050 წლისათვის კი – სრულად გაანეიტრალოს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, პროექტის დასრულების ვადად 2030 წელია მიჩნეული.