მესტია

მაშველებმა გულის უღელტეხილზე ტურისტის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში, გულის უღელტეხილზე ტურისტი ქალის ცხედარი იპოვეს, ხოლო უღელტეხილზე მყოფი კაცი უვნებლად ვერტმფრენში აიყვანეს. 

უწყების ცნობით, მიეწოდათ ინფორმაცია, რომ უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შევიდა სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი.

"შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მოქალაქეების დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით და სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია". – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები