პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ჩვენ ვაპატიეთ მელიას უმძიმესი დანაშაული, მისი ნებაა, მიიღებს თუ არა პატიებას

ქართული ოცნება

"ქართულმა ოცნებამ" გამოხატა ნება, აპატიოს ნიკანორ მელიას უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2019 წლის ივნისში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და დანარჩენი დამოკიდებულია ნიკანორ მელიაზე. - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ნიკა მელიამ ჩაიდინა და თუ მას შეეხება ამნისტია, მაშინ უნდა შეეხოს ყველას, ვისაც შეიძლება, ამ მოვლენების დროს დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. 

"მას შეუძლია, მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება. ჩვენ ვხელმძღვანელობთ დოკუმენტის ტექსტით და შინაარსით, რომელზეც განმარტებები ელჩებმა და კრისტიან დანიელსონმა გააკეთეს. ეს განმარტებები იყო ამნისტიის კანონზე მსჯელობის დროს. ამ შინაარსის თანახმად, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია ამ მოვლენებთან და ვის წინააღმდეგაც აღიძრა ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. 20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა ნიკანორ მელიამ. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, მაშინ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება ამ მოვლენების დროს დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. უნდა შეეხოს აბსოლუტურად ყველას და ეს ასე იყო განმარტებული ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც". - ამბობს კობახიძე. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორე მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან.

კომენტარები