პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: შემდეგ კვირას იგეგმება ამნისტიის კანონის ინიცირება, მივიღებთ დაყოვნების გარეშე

"არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც მოხდება დაყოვნების გარეშე, პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად". – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ავრცელებს. 

მისი თქმით, პროექტი მომზადდება ხელმოწერილ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად, როგორც თალაკვაძე ამბობს, უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი უმოკლეს ვადებში მიიღოს პარლამენტმა. 

"საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში - ქართულ ოცნებას არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია და მოლაპარაკების პროცესშიც, შეთანხმების ამ პუნქტის ჩამოყალიბებაში რაიმე დამატებითი პირობა არ შეუტანია.

მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაციისგან, მითუმეტეს, თუ არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართულ და ხელმომწერ მხარეს. ამგვარი სპეკულაციები, შესაძლოა, ემსახურებოდეს ერთ შემთხვევაში შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ, მიზნად ისახავდეს მისი განხორციელების პროცესის შეფერხებას. ცხადია, ეს შედის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი დესტრუქციული ჯგუფების ინტერესებში და მიმართულია დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ". – ამბობს თალაკვაძე. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერს ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

20 აპრილს ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ სამშაბათს, 27 აპრილს, პარლამენტში ამნისტიის კანონს დაარეგისტრირებენ და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს ამის შემდეგ დატოვებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ  მელიას "ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო, ვიდრე სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი მიღებული იქნება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული". მისივე განცხადებით, ამნისტია შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი, "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხებათ. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხებათ ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

კომენტარები