პოლიტიკური კრიზისი

ლანდსბერგისი: შეთანხმება მიღწეულია, ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში პოლიტიკური მხარეების შეთანხმებას ეხმაურება. ლანდსბერგისი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმებას ყველა მხარე მოაწერს ხელს და სრულყოფილად განახორციელებენ მას. 

"პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია. იმედია, ყველა პასუხისმგებელი მხარე მოაწერს ხელს და შემდეგ სრულყოფილად განახორციელებენ მას. მადლიერი ვარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ყველა მხარის, რომლებიც შეთანხმების მიღწევაში მიიღეს მონაწილეობა. ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია". – წერს ლანდსბერგისი. 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ  ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს – საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან  ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები